აშშ ჯაშუშობის გარშემო ატეხილი სკანდალის უშიშროების საბჭოზე განხილვის წინააღმდეგია

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა შონ მაკკორმაკმა განაცხადა, რომ ვაშინგტონს აქვს კონტაქტი რუსეთის და საქართველოს მთავრობებთან ორი ქვეყანას შორის ჯაშუშობის გარშემო ატეხილ სკანდალთან დაკავშირებით, მაგრამ „ეს არის საკითხი საქართველოსა და რუსეთს შორის და მათ უნდა გადაწყვიტონ, თუ რა ნაბიჯები გადადგან“.


„რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღონ მხარეებმა, ეს იქნება მათი საკუთარი გადაწყვეტილებები. ჩვენ მხოლოდ მოვუწოდებთ, რომ ბოლო დღეებში მომხდარი მოვლენები სწორ კონტექსტში განიხილონ“, – განაცხადა მაკკორმაკმა 29 სექტემბერს ვაშინგტონში გამართულ  ბრიფინგზე.


კითხვაზე, თუ როგორია ამერიკის მიდგომა რუსეთის პოზიციასთან დაკავშირებით ამ საკითხის გაეროს უშიშროების საბჭოზე განხილვის თაობაზე, აშშ-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა: „ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის საკითხი, რომელსაც ყველაზე კარგად და სწორად ორი მეზობელი მოაგვარებს“.


„მე გამიგია ინფორმაციები სხვადასხვა კონსპირაციული თეორიების შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების და ამერიკის ფარული ხელის მონაწილეობით. გულწრფელად რომ ვთქვა, ეს სიმართლე არ არის. ეს არის ორი სუვერენული სახელმწიფო. ჩვენ ხელს შევუწყობთ მათ მოაგვარონ თავიანთი უთანხმოება, როგორც ეს ორმა მეზობელმა უნდა გააკეთოს“,  -დასძინა მან. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version