ორ რუს ოფიცერს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

ჯაშუშობაში ბრალდებულ ორ რუს სამხედრო ოფიცერს, დიმიტრი კაზანცევს და ალექსანდრე სავვას, თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა.


ორი ოფიცრის – ალექსანდრე ზავგოროდნის და ალექსანდრე ბარანოვის საქმეს სააპელაციო სასამართლო განიხილავს. კაზანცევისა და სავვასგან განსხვავებით, რომლებიც თბილისში დააპატიმრეს, ზავგოროდნი და ბარანოვი ბათუმში დააკავეს, ამიტომაც მათ საქმეს თბილისის სააპელაციო სასამართლო განიხილავს. 


სასამართლომ რუს ოფიცერს კონსტანტინე პიჩუგინს, რომელსაც ასევე ჯაშუშობაში ედება ბრალი, დაუსწრებლად ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. პიჩუგინს ქართველი სამართალდამცავები ეძებენ. თბილისის განცხადებით, იგი ამიერკავკასიაში რუსეთის ჯარების დაჯგუფების შტაბს აფარებს თავს. 


რუსეთის კიდევ ორ მოქალაქეს ალექსანდრე ერეხოვს და სერგეი ოკროკოვს ასევე დაუსწრებლად ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ. ისინი ასევე იძებნებიან ქართველი სამართალდამცავების მიერ.


თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ექვს მოქალაქესაც მიუსაჯა ორთვიანი წინასწარი პატიმრობა. ყველა მათგანს რუსეთის სამხედრო დაზვერვასთან თანამშრომლობაში ედება ბრალი.


შინაგან საქმეთა სამინისტრომ 29 სექტემბერს განაცხადა, რომ საქართველოს ხუთმა მოქალაქემ სასამართლოზე, რომელიც დახურულ კარს მიღმა გაიმართა, აღიარა დანაშაული.       

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version