რუსი ოფიცრების სასამართლოს მოლოდინში ჯაშუშობის გარშემო ატეხილი სკანდალი ღრმავდება

რუსეთმა განაცხადა, რომ ჯაშუშობაში ბრალდებული ოთხი რუსი სამხედრო ოფიცრის წინააღმდეგ წარმოდგენილი მტკიცებულებები გაყალბებულია.


რუს ოფიცრებს ორთვიან წინასწარ პატიმრობას სავარაუდოდ დღეს შეუფარდებენ.


ამასობაში, რუსეთის ასზე მეტი მოქალაქე, საელჩოს თანამშრომლების და მათი ოჯახების წევრების ჩათვლით, რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ორი თვიმფრინავით მოსკოვში დღეს გაემგზავრება. ორივე თვითმფრინავი უკვე დაეშვა თბილისის აეროპორტში.


რუსეთმა საქართველოდან თავისი ელჩი ვიაჩესლავ კოვალენკო გაიწვია და თავისი მოქალაქეების “ნაწილობრივი ევაკუაციის“ შესახებ გააკეთა განცხადება. ამ ნაბიჯს ოფიციალურმა თბილისმა “ისტერიკა“ უწოდა.


კითხვაზე, თუ როდის აპირებს ის საქართველოში დაბრუნებას, რუსეთის ელჩმა ვიაჩესლავ კოვალენკომ განაცხადა: “ეს ქართულ მხარეზეა დამოკიდებული… ეს კითხვა [საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს ვანო] მერაბიშვილს დაუსვით“.


კოვალენკომ ასევე აღნიშნა, რომ მისი დაბრუნება საქართველოში დამოკიდებული იქნება ქართული მხარის შემდგომ ქმედებებზე.


“პირველ რიგში, საქართველომ დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს რუსი ოფიცრები და ბოდიში უნდა მოიხადოს მათი უსაფუძვლო დაკავების გამო“, – განაცხადა კოვალენკომ 29 სექტემბერს.


მისი თქმით, მან “ვერაფერი ვერ გაიგო“ იმ ვიდეო და აუდიო ჩანაწერებიდან, რომლებიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა საქართველოს წინააღმდეგ ოთხი რუსი ოფიცრის და საქართველოს თერთმეტი მოქალაქის ჯაშუშური საქმიანობის დასამტკიცებლად.


თუმცა, როგორც ჩანს, საქართველო უკან დახევას არ აპირებს. პოლიციას კვლავ ალყაში ჰყავს მოქცეული რუსეთის ჯარების შტაბი თბილისში. ქართული მხარე მოსკოვისგან ჯაშუშობაში კიდევ ერთი ეჭვმიტანილი რუსი ოფიცრის გადმოცემას ითხოვს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვალერი ჩეჩელაშვილმა 28 სექტემბერს განაცხადა, რომ რუსეთის სამხედრო დაზვერვის ოფიცერი კონსტანტინე პიჩუგინი ამიერკავკასიაში რუსეთის ჯარების დაჯგუფების შტაბს აფარებს თავს.


ამასობაში, გაეროში რუსეთის ელჩის მოადგილემ მოუწოდა უშიშროების საბჭოს განიხილოს საქართველოში რუსი სამხედრო ოფიცრების დაპატიმრების საკითხი და განცხადების პროექტი გაავრცელა, რომელშიც შეშფოთებას გამოხატავს საქართველოს ხელისუფლების ქმედებების გამო. 


მოსკოვში კი, საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა ჩაშალა შეხვედრა თავის ქართველ კოლეგასთან გიორგი მანჯგალაძესთან.


პრეზიდენტმა სააკაშვილმა 28 სექტემბერს განაცხადა, რომ საქართველომ რუსეთის რეაქციას ოთხი რუსი ოფიცრის დაპატიმრებასთან დაკავშირებით “ზედმეტი ემოციისა და დაძაბვის გარეშე“ უნდა უპასუხოს.  


დეპუტატმა გივი თარგამაძემ კი აღნიშნა, რომ რომ რუსეთი “სუფთა კრიმინალური საქმის“ პოლიტიზებას ახდენს.


საქართველოს პარლამენტის ოპოზიციური ფრაქციის “დემოკრატიული ფრონტის“ წარმომადგენლებმა ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი რუსი ოფიცრების დაკავების გამო რუსეთ–საქართველოს შორის უკიდურესად დაძაბულ სიტუაციაში ქვეყნის შიგნით და მთელ პოლიტიკურ სპექტრს ერთიანობისაკენ მოუწოდეს.

Exit mobile version