ერთი სამხედრო გაათავისუფლეს, 4 ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი კი კვლავ პატიმრობაში რჩება

რუსი სამხედრო მოსამსახურე რუსლან სკრილნიკოვი ქართველმა სამართალდამცავებმა 29 სექტემბერს ღამით გაათავისუფლეს. იგი 27 სექტემბერს ჯაშუშობის ბრალდებით დაპატიმრებულ ოთხ სამხედრო ოფიცერს შორის არ იყო.


ქართული მედია იტყობინება, რომ სკრილნიკოვი დანარჩენ ოთხ ოფიცერთან ერთად დააპატიმრეს, მაგრამ მას ჯაშუშობაში ბრალი არ ედებოდა და დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს.


ამასობაში, გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს სამი თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში დღეს ჩამოვა საქართველოდან რუსეთის მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით.


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 28 სექტემბერს განაცხადა, რომ “ნაწილობრივ ევაკუაციას“ იწყებს და თავის მოქალაქეებს ურჩია საქართველოში მგზავრობისგან თავი შეიკავონ.


საქართველოს ხელმძღვანელობამ მოსკოვის გადაწყვეტილებას “ისტერიკა“ უწოდა.


ამასობაში, გაეროში რუსეთის ელჩის მოადგილემ მოუწოდა უშიშროების საბჭოს განიხილოს საქართველოში რუსი სამხედრო ოფიცრების დაპატიმრების საკითხი.


“ვფიქრობ, რომ უკვე დროა, რომ უშიშროების საბჭო დაინტერესდეს ამ საკითხით“, – განუცხადა გაეროში რუსეთის ელჩის მოადგილემ კონსტანტინე დოლგოვმა რადიო “ამერიკის ხმას“ 28 სექტემბერს. 


გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთმა განცხადების პროექტი გაავრცელა, რომელშიც შეშფოთებას გამოხატავს საქართველოს ხელისუფლების ქმედებების გამო.  



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version