რუსეთი ელჩს იწვევს და მოქალაქეების ევაკუაციას იწყებს

რუსეთსა და საქართველოს შორის დაძაბულობის ზრდის ფონზე, რუსეთმა საქართველოდან “კონსულტაციებისთვის” გაიწვია ელჩი და საკუთარი მოქალაქეების “ნაწილობრივი ევაკუაციის“ დაწყებისკენ მოუწოდა.

“რუსეთის მხარემ მიიღო გადაწყვეტილება გამოიწვიოს რუსეთის ელჩი თბილისში ვიაჩესლავ კოვალენკო კონსულტაციებისთვის. საქართველოში განთავსებული რუსული დაწესებულებების თანამშრომლების და მათი ოჯახების წევრების მიმართ მზარდი საფრთხის გამო, მიღებულია გადაწყვეტილება დაიწყოს მათი ნაწილობრივი ევაკუაცია ამ ქვეყნიდან. რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თვითმფრინავების პირველი რეისები 29 სექტემბერს განხორციელდება“, – განაცხადა რუსეთის საგარეო უწყებამ.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე ურჩევს რუსეთის მოქალაქეებს თავი შეიკავონ საქართველოში მოგზაურობისგან. 

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რუსეთის გადაწყვეტილებას საქართველოდან თავისი მოქალაქეების “ნაწილობრივი ევაკუაციის“ თაობაზე “ისტერია“ უწოდა. 


“საქართველოში რუსი სამხედროების ოჯახებს საფრთხე არ ემუქრებათ“, – განუცხადა სააკაშვილმა ჟურნლისტებს 28 სექტემბერს.


გარდა ამისა, რუსეთმა 28 სექტემბრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემა შეწყვიტა.


საქართველოს პრეზიდენტმა განაცადა, რომ რუსეთმა უკვე გამოიყენა ყველა შესაძლო სანქცია საქართველოზე ზეწოლის მოსახდენად.


“მე მიმაჩნია, რომ ყოველგვარ ასეთ საკითხს ჩვენ უნდა მივუდგეთ ზედმეტი ემოციის, ზედმეტი დაძაბვის გარეშე. მე უკვე წელიწადზე მეტია ვიძახი, ყოველგვარი გასაიდუმლოების გარეშე, რომ ჩვენი კონტრდაზვერვა მუშაობს… ეტყობა ამ ხალხს ეგონა, რომ მე ან ვხუმრობდი, ან ვტრაბახობდი… ყველა უნდა მიხვდეს, რომ ჩვენ ვართ ნამდვილი, ქმედითი, ეფექტური დემოკრატიული სახელმწიფო. ვაკეთებთ ყველაფერს იმას, რასაც გააკეთებს ნებისმიერი სხვა დემოკრატიული სახელმწიფო“, – განაცხადა სააკაშვილმა.


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 28 სექტემბერს აუდიო და ვიდეო მასალა გამოაქვეყნა, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის თქმით, “აშკარად ადასტურებს“, რომ 27 სექტემბერს დაპატიმრებული ოთხი რუსი ოფიცერი და საქართველოს თერთმეტი მოქალაქე საქართველოს წინააღმდეგ ჯაშუშობდნენ.


“ჩვენს ხელთ არსებული მტკიცებულება ადასტურებს საქართველოში გრუ-ს აგენტურული ქსელის დანაშაულებრივ საქმიანობას… საქართველოს მოქალაქეებს ითრევდნენ ჯაშუშურ საქმიანობაში და ავალებდნენ მათ საიდუმლო მასალების მოპოვებას… დამატებით მტკიცებულებას მოგვიანებით გავავრცელებთ“, – განაცხადა მერაბიშვილმა.


ამასობაში, 28 სექტემბერს რუსეთში აშშ-ს ელჩი ვილიამ ბერნსი მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გრიგორი კარასინს შეხვდა და საქართველოში ჯაშუშობის ბრალდებით რუსი სამხედრო ოფიცრების დაკავების საკითხი განიხილა.


“რუსეთის მხარემ ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ხელმძღვანელობის მიერ განხორციელებული ეს პროვოკაციული ქმედებები საფრთხეს უქმნის არა მარტო რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს, არამედ რეგიონალურ უსაფრთხოებასაც“, – განაცხადა რუსეთის საგარეო უწყებამ.


“რუსული მხარე თავისი მოქალაქეების დაუყონებლივ გათავისუფლებას და ამიერკავკასიაში რუსული ჯარების დაჯგუფების შტაბის გარშემო ბლოკადის მოხსნას ითხოვს და ამერიკული მხარის გაგებისა და მხარდაჭერის იმედი აქვს“, – განაცხადა რუსეთის საგარეო უწყებამ.


პოლიტიკური მიმომხილველი გიორგი ხელაშვილი აცხადებს, რომ თბილისი “საკმაოდ თამამად იყენებს იმ მცირე ინსტრუმენტებს, რაც მას დარჩენია რუსეთთან ურთიერთობაში“.


“მე ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი გრძელვადიანი სტრატეგიის ნაწილია და აქცენტი კონფლიქტებზე კეთდება. ხელისუფლებას სურს რუსეთზე საერთაშორისო ზეწოლა მოახდინოს და სამშვიდობო პროცესის ინტერნაციონალიზაცია მოახდინოს“, – განუცხადა გიორგი ხელაშვილმა “სივილ ჯორჯიას“.


ანალიტიკოსი დავით აფრასიძე აცხადებს, რომ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები კონფლიქტის მოგვარების კონტექსტში უნდა იქნას განხილული.


“ვფიქრობ, რომ ეს არის გრძელვადიანი სტრატეგიის ნაწილი, რომელიც ფოკუსირებას სეპარატისტულ კონფლიქტებზე ახდებს“, – განუცხადა აფრასიძემ “სივილ ჯორჯიას“.

Exit mobile version