სეპარატისტები და რუსეთი დნესტრისპირეთის რეფერენდუმის შედეგებით კმაყოფილნი არიან

დღეს თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხელმძღვანელობა მიესალმა მოლდავას სეპარატისტულ რეგიონში – დნესტრისპირეთში 17 სექტემბერს გამართულ რეფერენდუმს, სადაც მოსახლეობის უმრავლესობამ (97,1%) დამოუკიდებლობას და რუსეთთან შეერთებას დაუჭირა მხარი.


“ჩვენთვის, სამხრეთ ოსეთისთვის ეს კარგი მაგალითია, კარგი გზამკვლევია და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენთან არანაკლები შედეგით დასრულდება კენჭისყრა“, – იუწყება სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი დე ფაქტო პრემიერ–მინისტრის იური მოროზოვის სიტყვებზე დაყრდნობით.


თვითგამოცხადებულ სამხრეთ ოსეთში დამოუკიდებლობის შესახებ მეორე რეფერენდუმი 12 ნოემბერს [დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნების პარალელურად] იგეგმება, თუმცა საერთაშორისო საზოგადოება არ აპირებს რეფერენდუმის შედეგების აღიარებას.


“ჩვენ რეფერენდუმს არ ვატარებთ ევროკავშირის, ვაშინგტონის ან თბილისისთვის. რეფერენდუმს ჩვენ ჩვენთვის ვატარებთ“, – განაცხადა მოროზოვმა და დასძინა, რომ 1992 წლის რეფერენდუმის შემდეგ საინტერესოა მოსახლების განწყობის გაგება.   


აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერის სერგეი ბაღაფშის განცხადებით, საერთაშორისო საზოგადოებამ იგნორირება არ უნდა გაუკეთოს დნესტრისპირეთში რეფერენდუმის შედეგებს, იუწყება “აფსნიპრესი“ 18 სექტემბერს.


მისი თქმით, საერთაშორისო საზოგადოებას მოუწევს ასევე 1999 წელს აფხაზეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგების აღიარება. 


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 18 სექტემბერს განაცხადა, რომ დნესტრისპირეთში “დემოკრატიულად“ ჩატარებული რეფერენდუმი მოსალოდნელი შედეგით დასრულდა, იუწყება “რია ნოვოსტი“.


“ეს კიდევ ერთი დადასტურებაა იმ უტყუარი თეზისისა, რომ კონფლიქტების მოგვარება აუცილებელია არსებული შეთანხმებების საფუძველზე“, – განაცხადა ლავროვმა და აქვე დასძინა, რომ კონფლიქტის ერთ–ერთი მხარის მოლაპარაკებებიდან გასვლა სიტუაციის გამწვავებას იწვევს, “როგორც ეს დნესტრისპირეთის მაგალითზე მოხდა”


თბილისი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში არსებული შეთანხმებების საფუძველზე მოქმედი მოლაპარაკებათა და სამშვიდობო მექანიზმების, რომელშიც რუსეთს წამყვანი როლი უკავია, უფრო ეფექტური საერთაშორისო ფორმატებით ჩანაცვლებას ითხოვს. 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version