აშშ–ს მოხსენება: საქართველოში რელიგიური თავისუფლების მაჩვენებელი გაუმჯობესდა

საქართველოში რელიგიური თავისუფლების მაჩვენებელი განაგრძობს გაუმჯობესებას, ნათქვამია საერთაშორისო რელიგიური თავისუფლების შესახებ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის 2006 წლის მოხსენებაში.


მოხსენებაში, რომელიც 2005 წლის 1 ივლისიდან 2006 წლის 30 ივნისამდე პერიოდს მოიცავს, ნათქვამია, რომ რელიგიურ უმცირესობებზე თავდასხმების, მათ შორის ძალადობის, სიტყვიერი დევნისა და მათი შეკრებების ჩაშლის ფაქტები სულ უფრო მცირდება.


მოხსენებაში აღნიშნულია, რომ მაშინ როცა გენერალური პროკურატურა რელიგიურ ძალადობასთან დაკავშირებულ საქმეებს სულ უფრო მეტ ყურადღებას უთმობს, “ძველი პრეტენზიები კვლავ მოუგვარებელი რჩება“.


“2005 წლის აპრილში მიღებული ახალი სარეგისტრაციო კანონის თანახმად, რელიგიურ ჯგუფებს შეუძლიათ მოიპოვონ კანონიერი სტატუსი, რომელიც მათთვის გარკვეულ პრივილეგიებს ითვალისწინებს, როგორიცაა კონტრაქტების გაფორმება, საბანკო ანგარიშების გახსნა და ქონების შეძენა“, – ნათქვამია განცხადებაში.


მოხსენებაში ასევე საუბარია ქართველი დეპუტატების კრიტიკულ რეაქციაზე სახალხო დამცველის მიერ გასული წლის დეკემბერში ადამიანის უფლებათა შესახებ გაკეთებულ მოხსენებაზე, რომელიც ყველა რელიგიური ჯგუფის, მათ შორის ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის, საკანონმდებლო თანასწორობისაკენ მოუწოდებდა. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version