ბეჟუაშვილი ბრიუსელის ვიზიტზე საუბრობს

საქართველო არ აპირებს “ცალმხრივი ნაბიჯების გადადგმას ნატოსთან წინასწარი შეთანხმების გარეშე“, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო შეტყობინებაში, რომელიც 15 სექტემბერს საგარეო საქმეთა მინისტრს გელა ბეჟუაშვილსა და ნატოს გენერალურ მდივანს იააპ დე ჰოოპ სხეფერს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ გავრცელდა.


მხარეებმა განიხილეს  საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის და აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების მოგვარების საკითხები.


“ნატოს გენერალურმა მდივანმა ხაზი გაუსვა ნატოს ურყევ პოზიციას, რომ ვერც ერთი მესამე მხარე ვერ ჩაერევა ნატო-საქართველოს ურთიერთობებში“, – აცხადებს საქართველოს საგარეო უწყება.


“ჩვენ ველოდებით საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებას – ეს არის ინტენსიურ დიალოგის ფაზაზე გადასვლა, რაც პრაქტიკულად ნიშნავს ნატოში გაწევრიანების პირველ ნაბიჯს“, – განაცხადა გელა ბეჟუაშვილმა.       


ბეჟუაშვილმა განაცხადა, რომ 14-15 სექტემბერს ბრიუსელში მოლაპარაკებების დროს მან გააცნო ევროკავშირის და ნატოს ოფიციალურ პირებს თბილისის პოზიცია, კერძოდ ის, რომ სამხრეთ ოსეთში და აფხაზეთში მიმდინარე რუსული სამშვდობო ოპერაცია ვერ უწყობს ხელს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას.


“ამ ინსტიტუტებში არის გაგება, რომ აუცილებელია ცვლილებები და მათ მოიწონეს ჩვენი ხედვა: ეს უნდა ხდებოდეს კონფლიქტში მონაწილე მხარეებთან პირდაპირი დიალოგის საფუძველზე, ამ პროცესების მხარდაჭერასა და გარანტიებში საერთაშორისო ორგანიზაციების უფრო ფართო მონაწილეობით“, – განაცხადა ბეჟუაშვილმა.


“ჩვენ ავხსენით, რომ კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარება შეუძლებელია არსებული ფორმატებით“, – დასძინა მან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version