ჩოჩიევი შსკ–ს სხდომის ჩაშლას თბილისს აბრალებს

თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის მთავრობის ვიცე–პრემიერმა, შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) თანათავმჯდომარემ ბორის ჩოჩიევმა განაცხადა, რომ ქართულმა მხარემ სპეციალურად ჩართო დელეგაციის შემადგენლობაში შერეული სამშვიდობო ძალების ქართული ბატალიონის მეთაური პაატა ბედიანაშვილი, რათა შსკ–ს დღევანდელი სხდომა ჩაშლილიყო.


სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში მერაბ ანთაძემ მას შემდეგ განაცხადა უარი ცხინვალში გამგზავრებაზე, რაც სამხრეთ ოსურმა მხარემ უარი თქვა შსკ–ს სხდომაზე პაატა ბედიანაშვილის დასწრებაზე.


ცხინვალი აცხადებს, რომ ბედიანაშვილი აქტიურად იყო ჩართული 2004 წლის აგვისტოს შეიარაღებულ დაპირისპირებაში და ასევე  2005 წლის 20 სექტემბერს ხელმძღვანელობდა ცხინვალის დაბომბვას.


“ჩვენ მოვლენათა ამგვარ შემოტრიალებას ველოდით, რადგან ვიცით, რომ მერაბ ანთაძეს მიღებული აქვს დირექტივა შსკ–ს ფორმატის დანგრევის თაობაზე. ქართულმა მხარემ მშვენივრად იცოდა, რომ ოფიციალური თბილისის მიერ შსკ–ს სხდომაზე პაატა ბედიანაშვილის გამოგზავნა სამხრეთ ოსური მხარისათვის მიუღებელი იყო“, – იუწყება სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ჩოჩიევის სიტყვებზე დაყრდნობით.


ჩოჩიევის განცხადებით, მხარეები ამჟამად ცხინვალში შსკ–ს შემდგომი სხდომის თარიღს ათანხმებენ, რომელიც შესაძლოა ვლადიკავკაზში 26–27 სექტემბერს ჩატარდეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version