რუსეთი საქართველოს მწვავედ აკრიტიკებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინიტრო 14 სექტემბერს წინასწარ აკეთებს განცხადებას საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გეგმებთან დაკავშირებით, რომელიც მოსკოვით თქმით, აპირებს გაეროს გენერალური ასამბლეის 61–ე სესიაზე გამოსვლისას მოითხოვოს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსული სამშვიდობო ოპერაციების შეწყვეტა, მათი გაყვანა და საერთაშორისო პოლიციური ძალებით ჩანაცვლება.


მოსკოვი აცხადებს, რომ რუსეთი მაინც გააგრძელებს არსებული მოლაპარაკებათა და სამშვიდობო ფორმატების ჩარჩოებში მოქმედებას, მითუმეტეს, რომ თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი “პირდაპირ აცხადებენ რუსული სამშვიდობო კონტიგენტების სასიცოცხლო მნიშვნელობის“ თაობაზე.


“ამას მოწმობს ამ რეგიონების საზოგადოებრივი და ჰუმანიტარული ორგანიზაციების, ასევე უბრალო მოქალაქეების მრავალრიცხოვანი მომართვები კონფლიქტების საბოლოო მოგვარებამდე მათი გარე ხელყოფისაგან დაცვაზე. ეს საკმაოდ კანონზომიერია ქართული მხარის სამხედრო მუქარისა და პროვოკაციების ფონზე. ამ თხოვნების იგნორირების უფლება ჩვენ არ გვაქვს, მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის უმეტესობა რუსეთის მოქალაქეა“, – აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტრო.


“გამოგონილს და უსაფუძვლოს“ უწოდებს რუსეთის საგარეო უწყება ქართული მხარის მტკიცებას იმის თაობაზე, რომ რუსი სამშვიდობოები მანდატით დაკისრებულ მოვალეობებს ვერ ასრულებენ.


“თავიანთ მანდატს ძალთა დაშორიშორებით, მშვიდობის უზრუნველყოფისა და კონფლიქტების ზონებში სტაბილურობის შენარჩუნებით რუსი სამშვიდობოები ასრულებენ მკაფიოდ“, – აცხადებს ოფიციალური მოსკოვი და აქვე დასძენს, რომ კონფლიქტების პოლიტიკურ მოგვარებას სამშვიდობოების მანდატი არ ითვალისწინებს.


“ამაზე უნდა მოილაპარაკონ თავად საქართველოს, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელებმა. რუსეთის შუამავლობით დიდი ხანია ურთიერთსასარგებლო მოგვარებისათვის “ხიდები“ გადებულია“, – აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინიტრო და აქვე დასძენს, რომ მოლაპარაკებათა არსებულმა მექანიზმებმა ნების არსებობის პირობებში “თავიანთი ეფექტურობა არაერთხელ დაამტკიცეს“.


რუსეთის საგარეო უწყება მწვავედ აკრიტიკებს საქართველოს ხელისუფლებას, რომელიც შეპყრობილია “ყველაფრის უფლების ქონის განცდით” და ხელ–ფეხი გახსნილი აქვს კონფლიქტების ძალისმიერად გადაწყვეტისკენ, “თუმცა ეს ილუზია საშიში და პროვოკაციული ტიპისაა“.


“საქართველოს ხელისუფლების კურსმა, რომელიც მიმართულია კონფლიქტურ რეგიონებში  სიტუაციის დესტაბილიზაციისაკენ, ადრე მიღწეულ შეთანხმებებზე უარის თქმაზე და არსებული მოლაპარაკებათა და სამშვიდობო ფორმატების ჩაშლაზე, საბოლოო ჯამში მიგვიყვანა კონფლიქტის ზონებში უსაფრთხოების მდგომარეობის მკვეთრ გაუარესებამდე, ეთნიკური დაპირისპირების შემდგომ გამწვავებამდე და მოლაპარაკებათა პროცესის ფაქტიურ გაყინვამდე“, – აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება.


ამავდროულად, მოსკოვი კონფლიქტის ზონებში ქართული მხარის “სამხედრო ტიპის პროვოკაციებზეც“ საუბრობს , რაც “საქართველოს ღია მილიტარიზაციის და მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან აგრესიული რიტორიკის მომძლავრების“ ფონზე ხდება.
 
ოფიციალური მოსკოვი აცხადებს, რომ საქართველოში ოპოზიციური განწყობების მატებასთან ერთად ხელისუფლება თავის წარუმატებლობაში დამნაშავეებს სხვაგან ეძებს.


“ეს გამოიხატება ქართველი სამართალდამცავების რეპრესიებში ოპოზიციის წინააღმდეგ, რომელთაც გარკვეული გარე ძალების დახმარებით  “სახელმწიფო გადატრიალების“ მომზადება ბრალდებათ“, –  აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინიტრო, რომელიც “რესპრესირებული ოპოზიციის“ მიღმა იგორ გიორგაძის პარტია სამართლიანობასა და მის სატელიტ პარტიებს გულისხმობს, რომელთა აქტივისტები საქართველოს ხელისუფლებამ სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით 6 სექტემბერს მთელი საქართველოს მასშტაბით დააკავა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version