კამინინი: კონტრპროდუქტიულია გაეროს სესიაზე კონფლიქტებზე მსჯელობა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მიხეილ კამინინმა “კონტრპროდუქტიული ნაბიჯი“ უწოდა სუამის წევრი სახელმწიფოების ლობირებით, შავი ზღვის-სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებული “გაჭიანურებული კონფლიქტების“ საკითხის შეტანას გაეროს გენერალური ასამბლეის 61-ე სესიის დღის წესრიგში.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას 13 სექტემბერს გაეროს 16–მა სახელმწიფომ დაუჭირა მხარი, 65–მა თავი შეიკავა, ხოლო 15 ქვეყანა, მათ შორის რუსეთი წინააღმდეგი წავიდა.


“რუსეთი თავიდან წინააღმდეგი გამოდიოდა ამ პრობლემის პოლიტიზაციის და ამ მიზნით გენერალური ასამბლეის ფორმატის ამოქმედების.  ჩვენ კვლავაც დარწმუნებული ვართ ამ ნაბიჯის კონტრპროდუქტიულობაში, რომლის მიზანია, როგორც რუსეთში მიაჩნიათ – ძირი გამოუთხარონ ყარაბაღის, ქართულ-აფხაზურ, ქართულ-ოსურ და დნესტრისპირეთის კონფლიქტების მოგვარების არსებულ ფორმატებს, რომელთა დარეგულირებაში რუსეთი აქტიურად მონაწილეობს“, – აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება 14 სექტემბერს კამინინის სიტყვებზე დაყრდნობით.


“ვთვლით, რომ აღნიშნული კონფლიქტების მოგვარება შესაძლებელი იყო მიზანმიმართული, ნაყოფიერი მუშაობის შედეგად უკვე არსებული მოლაპარაკებების მექანიზმის ფარგლებში, ვიდრე ამ პროცესში გაეროს გენერალური ასამბლეის ჩართვით“, – აცხადებს კამინინი.


 


 

Exit mobile version