სეპარატისტული კონფლიქტები გაეროში განიხილება

სუამის წევრმა სახელმწიფოებმა, მიუხედავად რუსეთის წინააღმდეგობისა,  წარმატებულად გაუწიეს ლობირება შავი ზღვის-სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებული “გაჭიანურებული კონფლიქტების“ საკითხის შეტანას გაეროს გენერალური ასამბლეის 61-ე სხდომის დღის წესრიგში.


გაეროს პრეს-სამსახურის ცნობით, გადაწყვეტილება სუამის წევრი სახელმწიფოების (საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი და მოლდოვა) თხოვნის შემდეგ “პროცედურული დებატების” შედეგად იქნა მიღებული, რამაც  შეცვალა გენერალური კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელმაც  12 სექტემბერს ურჩია ქვეყნებს ამოეღოთ სხდომის დღის წესრიგიდან საკითხი  “გაჭიანურებული კონფლიქტები სუამის ტერიტორიაზე და მათი ზემოქმედება საერთაშორისო მშვიდობაზე, უსაფრთხოებასა და განვითარებაზე“.


16 ქვეყანამ, მათ შორის ბალტიისპირეთის ქვეყნებმა, სუამის წევრმა სახელმწიფოებმა (საქართველო არ ესწრებოდა), ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ბრიტანეთმა, ავსტრალიამ, კანადამ, გვატემალამ, ირლანდიამ, იაპონიამ, მექსიკამ, რუმინეთმა და თურქეთმა მხარი დაუჭირეს საკითხის  დღის წესრიგში შეტანას.


15 ქვეყანა – ალჟირი, ანგოლა, სომხეთი, კვიპროსი, ერითრეა, საბერძნეთი, გვინეა, ინდონეზია, მიანმარი (ბირმა), ნიგერია, პანამა, რუსეთის ფედერაცია, სამხრეთ აფრიკა, შრი-ლანკა და ზიმბაბვე – ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ გამოვიდა, 65-მა კი თავი შეიკავა.


უკრაინის წარმომადგენელმა სუამის წევრი სახელმწიფოების სახელით  განაცხადა, რომ “სუამის მიზანია არა მოლაპარაკებების არსებული ფორმატის შეცვლა, არამედ ის, რომ ჰქონდეს შანსი საკითხი ასამბლეის საშუალებით საერთაშორისო არენაზე გაიტანოს“.


თუმცა, რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ “საკითხის დღის წესრიგში შეტანის დაჟინებული მოთხოვნა მიზნად ისახავდა კონფლიქტების მოგვარებაზე მოლაპარაკებების არსებული მექანიზმებისთვის ძირის გამოთხრას“.


საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 19 სექტემბერს ნიუ-იორკში გაემგზავრება, სადაც გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაში მიიღებს მონაწილეობას.


სხდომაზე სეპარატისტული კონფლიქტების საკითხის დაყენება საქართველოს პოლიტიკის ნაწილია, რაც მიზნად ისახავს საერთაშორისო მცდელობების გააქტიურებას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების მიზნით. თუმცა ბოლო კვირების მანძილზე საქართველოს ხელისუფლება სამხრეთ ოსეთის კონფლიქტზე უფრო მეტ ყურადღებას ამახვილებს.


საკითხს მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმობა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გელა ბეჟუაშვილის ბრიუსელში ვიზიტის დროს 14-17 სექტემბერს, სადაც იგი ევროკავშირის და ნატოს ოფიციალურ პირებს შეხვდება. ბრიუსელიდან ბეჟუაშვილი ვაშინგტონში, ხოლო შემდეგ ნიუ-იორკში გაემგზავრება.


ამასთანავე, საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან სეპარატისტული ხელისუფლების მისამართით ბოლო დროს რამდენიმე მკაცრი განცხადება გაკეთდა თბილისის მოწოდებების საპასუხოდ. საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ მოუწოდა საერთაშორისო პარტნიორებს რეაგირება მოეხდინა თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების “თავხედურ პროვოკაციებზე“.


ბოლო კვირების მანძილზე კონფლიქტის ზონაში რამდენიმე ინციდენტი მოხდა, მათ შორის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვერტმფრენისთვის ცეცხლის გახსნა, შეტაკება, რომლის დროსაც ოთხი ადამიანი დაიღუპა და ასევე სროლების რამდენიმე შემთხვევა. დაძაბულობა კიდევ უფრო გაამწვავა სეპარატისტული ხელისუფლების მიერ გაკეთებულმა განცხადებამ 12 ნოემბერს დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმისა და საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების თაობაზე.

ოფიციალურმა თბილისმა განაცხადა, რომ ქართულმა მხარემ შესაძლოა ძალა გამოიყენოს იმ შემთხვევაშიც კი, თუ თბილისი “შესაბამის“ საერთაშორისო მხარდაჭერას ვერ მიიღებს.


საქართველოში ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის და აშშ-ს ელჩები 12 სექტემბერს ცხინვალში სამხრეთ ოსეთის ლიდერს ედუარდ კოკოითს შეხვდნენ. მათ მკაცრად დაგმეს 3 სექტემბრის ვერტმფრენის ინციდენტი, რასაც სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელობის უკმაყოფილება მოყვა.


ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ტერი დევისმა 13 სექტემბერს განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული ხელისუფლება “ტყუილად კარგავს დროს ნოემბრის თვეში დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის ორგანიზების მცდელობაზე“.


ხოლო 13 სექტემბერს, ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში პიტერ სემნებიმ განაცხადა, რომ ევროკავშირისათვის რეფერენდუმის შედეგებს არანაირი მნიშვნელობა არ ექნება.


ამასობაში, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დნესტრისპირეთში 17 სექტემბერს დაგეგმილ რეფერენდუმს მხარდაჭერა გამოუცხადა და 13 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ევროკავშირმა არ უნდა უგულვებელყოს ამ რეფერენდუმის შედეგები. რუსეთის სახელმწიფო სათათბირო სამხრეთ ოსეთის რეფერენდუმზე დამკვირვებელთა გაგზავნასაც გეგმავს.  


 

Exit mobile version