თბილისი გრიზლოვის ‘დესტრუქციულმა განცხადებამ’ შეაშფოთა

კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთის სათათბიროს სპიკერის ბორის გრიზლოვის “დესტრუქციული განცხადების” გამო.


ბორის გრიზლოვმა 12 სექტემბერს განაცხადა, რომ ე.წ სამხრეთ ოსეთის რეფერენდუმს, რომელსაც ცხინვალი 12 ნოემბერს გეგმავს, რუსული დეპუტაცია დააკვირდება. ამასთან გრიზლოვმა დასძინა, რომ “თბილისის პოლიტიკა უბიძგებს სამხრეთ ოსეთის მაცხოვრებლებს ჩაატარონ ასეთი რეფერენდუმი“.


“გვსურს გამოვეხმაუროთ ბატონ გრიზლოვის ამ განცხადებას და კიდევ ერთხელ კატეგორიულად გავაფრთხილოთ რუსეთის მხარე იხელმძღვანელოს საერთაშორისო სამართლის ნორმებით, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და არ დაუშვას მისი მოქალაქეების მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადმოკვეთა, რაც შესაძლოა მათ მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სათანადო ნორმების გამოყენებით დასრულდეს“, – ნათქვამია 13 სექტემბერს სახელმწიფო მინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


ქართული მხარის განცხადებით, 12 ნოემბერს დამოუკიდებლობის შესახებ დანიშნული რეფერენდუმის “ერთადერთ მიზანს ცხინვალის რეგიონში დაძაბულობის ესკალაცია წარმოადგენს“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version