გუხტი სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში მხარეებს ძალის გამოყენებისაგან თავშეკავებას მოუწოდებს

ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ, ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარელ დე გუხტმა 11 სექტემბერს შეშფოთება გამოხატა ბოლო დროს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში სროლების გახშირებული ფაქტების, მათ შორის შეტაკების შედეგად ერთი ქართველი და სამი ოსი სამართალდამცავის გარდაცვალების გამო.


კარელ დე გუხტი მოუწოდებს მხარეებს შეინარჩუნონ სიმშვიდე და თავი შეიკავონ კონფლიქტის ზონაში ძალის ნებისმიერი გამოყენებისაგან.


ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე ასევე იმედს გამოთქვამს, რომ მხარეები 14–15 სექტემბერს ცხინვალში დაგეგმილ შერეული საკონტროლო კომისიის სხდომაზე დიალოგის შესაძლებლობას გამოიყენებენ.


“აუცილებელია, რომ მხარეებმა გამოიყენონ ეს შესაძლებლობა, რათა საკითხები კონსტრუქციულად და შედეგებზე ორიენტირებულად მოაგვარონ. უკანასკნელი მოვლენები [განვითარებული კონფლიქტის ზონაში] არ უნდა განმეორდეს“, – განაცხადა კარელ დე გუხტმა და იმედი გამოთქვა, რომ მხარეები შესრულებად გადაწყვეტილებებს მიიღებენ.


ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე ასევე აპირებს საქართველოში გამოაგზავნოს პირადი წარმომადგენელი პიერ შევალიე, რომელიც ყველა მხარეს ადგილზე გაესაუბრება.


ამას გარდა, 14 სექტემბერს ბრიუსელში იგეგმება კარელ დე გუხტის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან გელა ბეჟუაშვილთან შეხვედრა.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version