5 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ საბოლოო პოლიტიკური სურათი მას შემდეგ გამოიკვეთა, რაც ოპოზიციურმა ახალმა მემარჯვენეებმა 11 სექტემბერს განაცხადეს, რომ არჩევნებს ბოიკოტს უცხადებენ, რადგან ვერ შეძლეს დაერწმუნებინათ ბიზნესმენი ბადრი პატარკაციშვილი თბილისის მერად ეყარა კენჭი.
შედეგად არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს ხუთი პოლიტიკური პარტია – ლეიბორისტული პარტია, საქართველოს გზა, მრეწველები, ეროვნული იდეოლოგიის პარტია და ნაციონალური მოძრაობა და ასევე კონსერვატორებისა და რესპუბლიკელების ერთიანი საარჩევნო ბლოკი. მათ საქართველოს მასშტაბით არსებულ 69 საკრებულოში 1 683 მანდატისთვის მოუწევთ ბრძოლა.
თითოეულ საკრებულოში ადგილების რაოდენობა 14-დან (კოდორში – აფხაზეთი, ერედვში, ქურთასა და თიღვში – ცხინვალის რეგიონი) 41-მდე (ზუგდიდში) მერყეობს, რაც მუნიციპალიტეტში შემავალი მაჟორიტარული ოლქების რაოდენობაზეა დამოკიდებული (იხ. 69 საკრებულოს სია და თითოეულში არსებული ადგილების რაოდენობა ).
თითოეულ მუნიციპალურ ერთეულში საკრებულოს 10 წევრი პროპორციული (პარტიული ) სიით იქნება არჩეული, ხოლო დანარჩენ ადგილებს მაჟორიტარულ ოლქებში არჩეული დეპუტატები დაიკავებენ. შედეგად, საკრებულოს წევრთა რაოდენობა დამოკიდებული იქნება კონკრეტულ მუნიციპალიტეტში არსებულ მაჟორიტარული ოლქების რაოდენობაზე.
დიდ ქალაქებს – ბათუმს, რუსთავს, ფოთს და ქუთაისს- 15–წევრიანი საკრებულო ეყოლებათ. აქაც, 10 ადგილს პარტიული სიით არჩეული დეპუტატები დაიკავებენ, ხოლო დანარჩენ ხუთს – მაჟორიტარული სისტემით არჩეულები. ამრიგად, ყველა თვითმმართველი ქალაქი 5 მაჟორიტარულ ოლქად დაიყოფა. ამ ოთხ ქალაქში კანონი არ ითვალისწინებს, რომ ქალაქის მერი, თბილისისაგან განსხვავებით, აუცილებლად საკრებულოს შემადგენლობიდან უნდა აირჩეს.
რაც შეეხება დედაქალაქს, აქ განსხვავებული წესი მოქმედებს.
თბილისის საკრებულოში 37 ადგილი იქნება. 25 მანდატს მაჟორიტარული სისტემით საუკეთესო შედეგის მქონე პარტიების კანდიდატები მიიღებენ, დარჩენილ 12 ადგილს კი თბილისის ათივე საარჩევნო ოლქში 4%–იან ბარიერ გადალახული პარტიები დაიკავებენ.
თბილისის ათი საარჩევნო ოლქიდან ხუთი – საბურთალო, ისანი, სამგორი, ნაძალადევი და გლდანი – სამმანდატიანი იქნება.
დანარჩენი ხუთი ოლქი ორმანდატიანი იქნება – მთაწმინდა, ვაკე, კრწანისი, ჩუღურეთი და დიდუბე.
რაც შეეხება მაჟორიტარულ სისტემას, პარტიამ საერთო ხმების სულ ცოტა 1/3 უნდა მოიპოვოს, რათა თავისი კანდიდატები საკრებულოში გაიყვანოს.
37 წევრიანი საკრებულო თავისი შემადგენლობიდან აირჩევს დედაქალაქის მერს. ამ პოსტის დასაკავებლად საკრებულოში სულ ცოტა ხმების 2/3–ის მოპოვებაა საჭირო.
საქართველოს მასშტაბით ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები 4 წლის ვადით ირჩევა. შესაბამისად, ოთხწლიანი ვადით ირჩევა ქალაქის მერიც.
არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების მთავარ სამიზნეს დედაქალაქი წარმოადგენს, სადაც ქვეყნის ამომრჩეველთა 1/3 ცხოვრობს.
თბილისის მერად ხუთი კანდიდატი იბრძოლებს: ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი, რესპუბლიკელების და კონსერვატორების საარჩევნო ბლოკის კანდიდატურა კობა დავითაშვილი, ოპოზიციური პარტიის საქართველოს გზა ლიდერი სალომე ზურაბიშვილი, მრეწველთა კანდიდატი გოგი თოფაძე და თბილისის მოქმედი მერი გიგი უგულავა, რომელიც მმართველი პარტიის ნაციონალური მოძრაობის კანდიდატურაა.