გივი თარგამაძე ნიქოზის შეტაკების შესახებ საუბრობს

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ გივი თარგამაძემ “რუსთავი 2“–ის ეთერში განაცხადა, რომ დღეს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში, სოფელ ნიქოზთან მომხდარი შეტაკების მსგავსი შემთხვევები თუ კიდევ იქნება, ეს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების შესაძლებლობას სულ უფრო შეამცირებს.


სოფელ ნიქოზთან მომხდარი შეიარაღებული შეტაკების შედეგად ქართულ მხარეს ერთი და ოსურ მხარეს სამი სამართალდამცავი დაიღუპა.


თარგამაძის განცხადებით, ინციდენტი დაიწყო იმით, რომ ქართველმა პოლიციელებმა გააჩერეს ქართული მხარის მიერ კონტროლირებად სოფელ ნიქოზში კონტრაბანდაში ეჭვმიტანილი ადამიანები, რომელთაც საბუთების შემოწმებისას განაცხადეს, რომ არიან ოსური მილიციის წარმომადგენლები. მათ ჰქონდათ ვადაგასული პირადობის დამადასტურებელი საბუთები. ამ მიზეზით, თარგამაძის განცხადებით,  ქართველმა სამართალდამცავებმა დააპირეს მათი გადაყვანა გორში, თუმცა წინააღმდეგობას წააწყდნენ, რაც საბოლოოდ შეიარაღებულ შეტაკებაში გადაიზარდა.


“სამივე თავდამსხმელი არის განადგურებული“, – განაცხადა გივი თარგამაძემ.


მისივე ინფორმაციით, რუსმა სამშვიდობოებმა მოახდინეს ინციდენტის ადგილის ბლოკირება და არ მიუშვეს დამატებითი ქართული ძალები, “რის შედეგადაც ოსურმა მხარემ, რომელმაც მოახერხა იქ შეღწევა აბსოლუტურად თავისუფლად რუსი ე.წ სამშვიდობოების მხარდაჭერით, მოახერხა [ოსი მილიციელების] გვამების გატანა, ყველა ნივთმტკიცების განადგურება, რამაც შეუძლებელი გახადა ამ საქმის  საბოლოო გამოძიება“. 


“ეს ყველაფერი ძალიან ამცირებს იმ ვადას, რომელშიც არის შესაძლებელი მშვიდობიანი გადაწყვეტილებების მიღება ამ კონფლიქტის დასრულებისთვის. ჩვენ ყოველდღიურად ამ ვადას გვიმცირებენ ეს ე.წ რუსი სამშვიდობოები და ზრდიან ალბათობას იმისა, რომ საჭირო გახდეს ქართველი ძალოვანების მიერ ძალოვანი ოპერაციების ჩატარება“, – აცხადებს თარგამაძე. 


მისი თქმით, საქართველოს საერთაშორისო თანამეგობრობის “რადიკალური მხარდაჭერა და კონკრეტული ნაბიჯები სჭირდება ძალიან სასწრაფოდ. სხვა შემთხვევაში ეს კონკრეტული ნაბიჯები თავად ქართულმა სახელმწიფომ უნდა გადადგას, ეს არ არის თვითმიზანი, ეს არის სამწუხარო რეალობა, რომლიდანაც უნდა გამოვიდეთ“. 


 

Exit mobile version