რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩის იური პოპოვის განცხადებით, შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) სხდომამდე რუსეთი და საქართველო ორმხრივ კონსულტაციებს გამართავენ, იუწყება “რია ნოვოსტი“ 7 სექტემბერს.
“ქართველ კოლეგასთან, მერაბ ანთაძესთან მივაღწიეთ შეთანხმებას შსკ–ს სხდომის დაწყებამდე ქართულ-ოსური კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებით ორმხრივი არაფორმალური კონსულტაციების ჩატარების თაობაზე. დარწმუნებული ვარ, რომ, როგორც შსკ–ს სხდომაზე, ისე ორმხრივი მოლაპარაკებისას მივაღწევთ ურთიერთგაგებას“, – განაცხადა იური პოპოვმა.
შსკ–ს ხდომა, რომელიც 5-6 სექტემბერს ვლადიკავკაზში იგეგმებოდა, თუმცა არ ჩატარდა, სავარაუდოდ, სექტემბრის შუა რიცხვებში გაიმართება. ასევე უცნობია როდის შედგება ქართულ-რუსული ორმხრივი კონსულტაციები.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)