პოლიციამ იგორ გიორგაძის ათზე მეტი მომხრე დააპატიმრა

ქართული მედიის ცნობით, დღეს დილიდან ქართველმა სამართალდამცავებმა იგორ გიორგაძის პარტიის  – სამართლიანობა – მხარდამჭერი ორგანიზაციების და პარტიების “სულ ცოტა ათი” აქტივისტი დააპატიმრეს.


დაპატიმრებების სერია თბილისში და საქართველოს სხვა დიდ ქალაქებში განხორციელდა.


ოფიციალური კომენტარები მომხდართან დაკავშირებით ჯერ არ გაკეთებულა, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, დაპატიმრებები უკავშირდება იგორ გიორგაძის მიერ დაგეგმილ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას.


ქართველმა სამართალდამცავებმა თბილისში დააპატიმრეს კონსერვატორულ-მონარქისტული პარტიის ლიდერი თემურ ჟორჟოლიანი; მოძრაობა ანტი-სოროსის ხელმძღვანელი მაია ნიკოლაიშვილი და იგორ გიორგაძის ნათესავი მაია თოფურია, რომელიც პარტია სამართლიანობის წევრია.


ბათუმში, ზუგდიდში, სამტრედიაში, გორსა და კახეთის რეგიონში პარტია სამართლიანობის ადგილობრივი აქტივისტები დააკავეს.


გავრცელებული ინფორმაციით, მიმდინარეობს ჩხრეკა თბილისში მდებარე გიორგაძის საქველმოქმედო ფონდში, რომელსაც ირინა სარიშვილი ხელმძღვანელობს. ცოტა ხნის წინ სარიშვილმა პოლიტიკური პარტია “იმედი” ჩამოაყალიბა, რომელიც ასევე შევიდა გიორგაძის პარტიასთან ალიანსში.


მოძრაობა ანტისოროსი, კონსერვატორულ-მონარქისტული პარტია და პარტია იმედი ალიანსში არიან სამართლიანობასთან.  


“ჩვენს ოფისებში ჩხრეკა მიმდინარეობს; დააპატიმრეს რამდენიმე პოლიტიკური ლიდერი ამბოხების მოწყობის ბრალდებით, ეს ჩვენი ხელისუფლების კიდევ ერთი უგუნური გადაწყვეტილებაა”, – განუცხადა პარტია “იმედის” წევრმა გიორგი ხმელიძემ ჟურნალისტებს 6 სექტემბერს.


ჟორჟოლიანის ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა ჟორჟოლიანის სიტყვებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ სამართალდამცველები კონსერვატორულ-მონარქისტული პარტიის ლიდერს სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობაში ადანაშაულებენ.


“ჟორჟოლიანმა მონაწილეობა მიიღო შეხვედრაში, რომელიც თითქოსდა 24 მაისს ჩატარდა მოძრაობა ანტისოროსის და პარტია სამართლიანობის აქტივისტების მონაწილეობით, სადაც მათ თითქოსდა დაგეგმეს ამბოხების მოწყობა. ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ ეს ბრალდებები გამოგონილია”, – განუცხადა გელა ნიკოლაიშვილმა ჟურნალისტებს.


ზოგიერთმა დეპუტატმა მმართველი პარტიიდან უკვე გაამართლა ეს დაპატიმრებები და განაცხადა, რომ გიორგაძის მხარდამჭერებს საქართველოში რუსეთის სპეცსამსახურები აფინანსებდნენ, რომელთა მიზანიც ქვეყანაში დესტაბილიზაციის გამოწვევა იყო.


“ჩვენ ვიცით, რომ ამ ორგანიზაციებს ჩვენი მტრები აფინანსებენ. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ მათ რუსული სპეცსამსახურები აფინანსებენ. ეს ანტი-სახელმწიფოებრივი ორგანიზაციებია“, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა.


დეპუტატმა ფიქრია ჩიხრაძემ ახალი მემარჯვენეებიდან განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციური პარტიების უმეტესობის პოზიცია გიორგაძის პარტიის მიმართ ნეგატიურია, “გვინდა ვიცოდეთ, რამდენად გამართლებულია ეს დაპატიმრებები“.  


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version