თბილისი ცხინვალის ხელისუფლების ტერორისტულად გამოცხადებას ცდილობს

გავლენიანი პარლამენტარები სამხრეთ ოსური მხარის თავდასხმას ქართულ ვერტმფრენზე, სადაც თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი იჯდა, “ტერაქტის“ ცალსახა შეფასებას აძლევენ, რომელიც “ტერორისტულმა ორგანიზაციამ“ –სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულმა ხელისუფლებამ დაუკვეთა და შეასრულა.


პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ  გივი თარგამაძემ 5 სექტემბერს “სივილ ჯორჯიას“ განუცხადა, რომ საგარეო საქმეთა სამინიტროს რამოდენიმე, კერძოდ, “ორი–სამი თვე აქვს მაქსიმუმ“ იმისათვის, რომ  საერთაშორისო დონეზე მხარდაჭერა მოიპოვოს, რათა კოკოითის დე ფაქტო ხელისუფლება საერთაშორისოდ იქნას აღიარებული  ტერორისტულ რეჟიმად. მისი თქმით, საგარეო უწყებამ ასევე უნდა მოიპოვოს სრული საერთაშორისო მხარდაჭერა  სამშვიდობო გეგმის განსახორციელებლად.


“სხვა შემთხვევაში შეიძლება დადგეს აუცილებლობა იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ საკუთარი შეიარაღებული ძალების გამოყენებით, ძალოვანი ოპერაციებით გაწმინდოს ეს ტერიტორია ბანდიტებისაგან და ამაშიც ვერ ვხედავ ვერაფერს ძალიან საჩოთიროს, ვინაიდან ტერორისტული აქტების საპასუხოდ სწორედ ასეთ ადეკვატურ ზომებს იღებს ნებისმიერი ქვეყანა“, – აცხადებს გივი თარგამაძე.


გივი თარგამაძე პირველი იყო საქართველოს პოლიტიკური სპექტრიდან, ვინც 4 სექტემბერს საჯაროდ განაცხადა, რომ შესაძლოა ცხინვალის წინააღმდეგ ძალისმიერი ოპერაცია განხორციელდეს. ამ განცხადების პარალელურად, იმავე დღეს საგარეო საქმეთა მინიტრმა გელა ბეჟუაშვილმა ქართულ ვერტმფრენზე თავდასხმას “ტერაქტის“ კვალიფიკაცია მისცა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელთა შეხვედრიდან გამოვიდა.


“ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ცხინვალის რეგიონში პროვოკაციები ტერორისტულ აქტებში გადაიზარდა და ვილაპარაკოთ ადეკვატურ ზომებზე სწორედ ტერორისტულ აქტებთან მიმართებაში, ამიტომ მიმაჩნია, რომ რუსების ქმედებები ოს ბანდფორმირებებთან ერთად ტოვებს ძალიან პატარა მონაკვეთს დროისა გადაწყვეტილებების მისაღებად“, – განაცხადა 5 სექტემბერს გივი თარგამაძემ, თუმცა დასძინა, რომ “დროის მონაკვეთის კორექტირება შეიძლება მოახდინოს ყველა იმ ქმედებებმა, რომელიც დარწმუნებული ვარ არ შენელდება [კონფლიქტის ზონაში] მთელი ამ პერიოდის განმავლობაში“.


თარგამაძე ასევე აცხადებს, რომ მიმდინარე თვეში მთავრობა საბოლოო ქმედებებს განახორციელებს რუსი სამშვიდობოების სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის კონფლიქტის ზონებიდან საბოლოო გასაყვანად, რასაც პარლამენტის 18 ივლისის დადგენილება ითვალისწინებს.


“ჩვენ უნდა გადავიდეთ ამ [რუსული სამშვიდობო] ძალის ტერიტორიიდან განდევნის რეჟიმზე“, – აცხადებს თარგამაძე.


პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე კოტე გაბაშვილი აცხადებს, რომ სწორედ რუსეთის სამშვიდობოები მფარველობენ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების “ტერორისტულ ქმედებებს“.


“დღევანდელი დე ფაქტო ხელისუფლება არის ტერორისტული ორგანიზაცია. ამ [ოქრუაშვილის წინააღმდეგ] ტერაქტის ორგანიზატორი [ედუარდ] კოკოითის ბრძანებით არის [დე ფაქტო თავდაცვის მინისტრი ანატოლი] ბარანკევიჩი და ამას ახორციელებენ კრიმინალები, რომლებიც რეგიონში ჰყავთ შემოყვანილები და მათ არაფერი კავშირი არ აქვთ ადგილობრივ ოს მოსახლეობასთან“, – აცხადებს “სივილ ჯორჯიასთან“ საუბარში კოტე გაბაშვილი.     


“ტერორიზმის ბუდეს“ უწოდებს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებას პარლამენტის გავლენიანი დეპუტატი გიგა ბოკერია, სადაც ხდება “თავდასხმები, ადამიანების მოტაცება, მკვლელობები, რასთან  შეგუება ქართულ სახელმწიფოს არც შეუძლია და ვერც შეეგუება“.


“ეს არის შედეგი იმ პოლიტიკის, რომელსაც მოსკოვი ატარებს, როცა ღიად მხარს უჭერს და თვითონ წარმოადენს ამ რეჟიმს, თუმცა მე ხაზს ვუსვამ, რომ ჩვენი ამოცანა არის პოლიტიკური და მშვიდობიანი მოგვარება ამ კონფლიქტისა, მაგრამ ჩვენ ვემზადებით, დღესაც მზად ვართ და ხვალ უფრო კარგად ვიქნებით მზად ყველაზე ცუდი სცენარისთვისაც კი“, – განუცხადა “სივილ ჯორჯიას“ გიგა ბოკერიამ. 

Exit mobile version