საქართველო ტოტალური თავდაცვის სისტემაზე გადადის

საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, ქვეყანა ტერიტორიული თავდაცვის პრინციპიდან  საყოველთაო ანუ ტოტალური თავდაცვის პრინციპზე გადადის, რაც გარე აგრესიის შემთხვევაში თავდაცვისუნარიანობის მზაობას გულისხმობს.


ამ ცვლილებას საპარლამენტო კომიტეტებში განხილვის შემდეგ პარლამენტი მომავალ კვირას უყრის კენჭს, რის შემდეგაც თავდაცვის სამინისტრო კონკრეტულ სამოქმედო გეგმას შეიმუშავებს, რომელსაც საბოლოოდ პრეზიდენტი დაამტკიცებს.


“ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია ცოცხალი ორგანიზმია, რომელიც საჭიროებების მიხედვით დროდადრო იცვლება. დღევანდელი ცვლილება კი განაპირობა იმან, რომ საფრთხეები აშკარად გაიზარდა“, – განუცხადა 5 სექტემბერს “სივილ ჯორჯიას“ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ გივი თარგამაძემ.


თავდაცვის ახალი პრინციპის შემოღება გულისხმობს ინტენსიური სამობილიზაციო გეგმის შექმნას, ასევე აგრესიის შემთხვევაში სახელმწიფო ორგანიზაციების  მუშაობის თავდაცვის პრიორიტეტებზე გადაწყობას და სრულყოფილი სარეზერვო სამსახურის შექმნას ძლიერი ინფრასტრუქტურით, სადაც მამაკაცები ორჯერ გაივლიან ორკვირიან სავალდებულო სარეზერვო მომზადებას.


“თავდაცვის სამინიტროს უკვე მზად აქვს წინადადება, რომელიც ითვალისწინებს რეზერვისტების რაოდენობის ზრდას“, – განუცხადა “სივილ ჯორჯიას“ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version