ბურჯანაძე ვერტმფრენთან დაკავშირებულ ინციდენტს უპრეცედენტოს უწოდებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ დაგმო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვერტმფრენთან დაკავშირებული ინციდენტი და მას უპრეცედენტო ფაქტი უწოდა.


“ჩვენი მხრიდან ეს არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დარჩეს ადექვატური რეაგირების გარეშე. საქართველოს საჰაერო სივრცეში აბსოლუტურად გამორიცხული უნდა იყოს მსგავსი ქმედებები და საქართველოს საჰაერო სივრცე უნდა იყოს აბსოლუტურად უსაფრთხო. ყველას უნდა ესმოდეს, რომ მსგავსი ქმედებები უპასუხოდ ნამდვილად არ დარჩება“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ 5 სექტემბერს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.


მან დაავალა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს კოტე გაბაშვილს ინციდენტის თაობაზე ინფორმაცია მიაწოდოს ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას და მეგობარ პარლამენტებს, რათა მათ ადექვატური რეაგირება მოახდინონ მომხდარზე.


“ამ ფაქტის მიუხედავად ჩვენ ვადასტურებთ, რომ ჩვენ მაინც მომხრენი ვართ კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებისა და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მშვიდობიან დარეგულირებას მივაღწიოთ“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.


ბურჯანაძემ ასევე აღნიშნა, რომ 2006 წლის მომდევნო თვეები გადამწყვეტი მნიშვნელობის იქნება საქართველოს ახლო მომავლისთვის.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version