საგარეო საქმეთა სამინისტრო 1 სექტემბერს აცხადებს, რომ ალაგირი (ჩრდილოეთ ოსეთი) – ცხინვალი/სამხრეთ ოსეთის გაზსადენის მონაკვეთის საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებასთან შეუთანხმებლად მშენებლობა “უკანონოა“.
“ეს, რა თქმა უნდა, ეხება ამ “პროექტის” ყველა მონაწილეს, კომერციული კომპანიების ჩათვლით“, – ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.
“მომავალში ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებასთან ნებისმიერი გარიგება, მათ შორის დაგეგმილ სამშენებლო ტენდერში რომელიმე უცხო ქვეყნის კომპანიის რაიმე ფორმით მონაწილეობა შეფასდება როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა და შიდა საქმეებში უხეში ჩარევა“, – აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
ამას გარდა, სამინისტრო ითხოვს ცხინვალში რუსეთის ფედერაციის საპენსიო ფონდის უკანონო საკონსულტაციო პუნქტის დახურვასა და საქართველოს ტერიტორიაზე არალეგიტიმურად მყოფი რუსეთის ფედერაციის ჩინოვნიკების გაწვევას.