ბაღაფში მოსკოვში თბილისის საომარ ზრახვებზე საუბრობს

თვითგამოცხადებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა 1 სექტემბერს მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აფხაზური მხარე შეწყვეტს დიალოგს თბილისთან, თუ ზემო კოდორის ხეობაში ივლისამდე არსებული სტატუს კვო არ აღდგება.


საქართველოს ხელისუფლებამ 25 ივლისს ზემო კოდორის ხეობაში ძალები გააგზავნა ადგილობრივ მეამბოხეთა წინააღმდეგ. მას შემდეგ რუსული და აფხაზური მხარეები თბილისს სამთავრობო ძალების ხეობიდან გამოყვანისაკენ მოუწოდებენ. მაგრამ ოფიციალური თბილისი აცხადებს, რომ კოდორში მხოლოდ პოლიციური ძალები იმყოფებიან, რაც არსებულ შეთანხმებებს არ ეწინააღმდეგება.


“მე ოფიციალურად ვაცხადებ, რომ საქართველოს არ სურს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება არც აფხაზეთთან და არც სამხრეთ ოსეთთან“, – განაცხადა სააგენტო “ინტერფაქსის“ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ბაღაფშმა.


მისი თქმით, ქართული ძალები ზემო კოდორის ხეობას ნაღმავენ, რაც ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დარღვევაა.


ასევე, დე ფაქტო პრეზიდენტმა უარყო ინფორმაცია აფხაზეთში ჩრდილო კავკასიელი მოხალისეების მომრავლებასთან დაკავშირებით, თუმცა დასძინა, რომ საჭიროების შემთხვევაში აფხაზეთი მათ დახმარებას გამოიყენებს.


აფხაზეთის ლიდერის განცხადებით, ამ ეტაპზე დღის წესრიგში არ დგას დამოუკიდებლობის თაობაზე ხელახალი რეფერენდუმის გამართვა. რეფერენდუმი აფხაზეთში 1999 წელს ჩატარდა, თუმცა მისი შედეგები საერთაშორისო თანამეგობრობამ დღემდე არ აღიარა.


“ეს არ არის პროცედურა, რომელიც ყოველ თვე უნდა ატარო“, – განაცხადა ბაღაფშმა.


აფხაზეთისაგან განსხვავებით, საქართველოს მეორე თვითგამოცხადებული რეგიონი  – სამხრეთ ოსეთი – მიმდინარე წლის მიწურულს ხელახალი რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version