skip to content
ახალი ამბები

სოხუმი კოდორიდან ჯარების გაყვანას მოლაპარაკების წინაპირობად ასახელებს

თვითგამოცხადებული აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი შამბას განცხადებით, ქართულ და აფხაზურ მხარეებს შორის მოლაპარაკებები მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება განახლდეს, რაც საქართველო აღებულ ვალდებულებებს შეასრულებს და ზემო კოდორის ხეობიდან ჯარებს გაიყვანს.

სერგეი შამბამ რუსულ გაზეთ “ვრემია ნოვოსტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში, რომელიც 31 აგვისტოს  გამოქვეყნდა, განაცხადა, რომ  საქართელოში გაეროს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჟან არნომ აფხაზურ მხარეს კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან მერაბ ანთაძესთან შეხვედრა სექტემბერში შესთავაზა. 
 
“მაგრამ თბილისის ნაბიჯები აშკარა დემონსტრირებაა იმისა რომ ქართულ მხარეს არ აქვს სურვილი მოლაპარაკებები აწარმოოს. თუ თბილისი მზად არის განიხილოს კოდორის ხეობიდან ჯარის გაყვანა, მაშინ დავიწყებთ მოლაპარაკებებს, თუ არა და შეხვედრას აზრი არ აქვს“, – განაცხადა შამბამ.
 
სერგეი შამბას თქმით, ქართული მხარის წინადადება კოდორის ხეობის მონიტორინგი მხოლოდ გაეროს დამვირვებლებმა ჩაატარონ, რუსი სამშვიდობო ძალების გარეშე, მეტყველებს იმაზე, რომ ქართულ მხარეს არსებული სამშვიდობო ფორმატის შეცვლა სურს, რაც სოხუმისთვის მიუღებელია.


მან ასევე განაცხადა, რომ თბილისის განზრახვა კოდორის ხეობაში განათავსოს აფხაზეთის ე.წ. ლეგიტიმური ხელისუფლება არის გამოწვევა, რომელსაც სოხუმი “ადექვატურ პასუხს გასცემს”.
 
“როცა წყდება მოლაპარაკებები, მოქმედებას იწყებს სხვა მექანიზმები. ჩვენ ისეთი გულუბრყვრილოები და პოლიტიკური იდიოტები არ ვართ, რომ ვაწარმოოთ მოლაპარაკებები პროვოკატორებთან, რომელთაც სურთ განთავსება კოდორის ხეობაში“, – განაცხადა სერგეი შამბამ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button