სსფ–ი საქართველოს ინფლაციის შესახებ აფრთხილებს

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (სსფ) საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა გაამკაცროს ფინანსური და მონეტარული პოლიტიკა, რათა არსებული 14,5%-იანი ინფლაცია წლის ბოლოსთვის 10%-მდე დაწიოს.

სსფ სამუშაო ჯგუფი ბოლო პერიოდში განვითარებული ეკონომიკური მოვლენების მიმოხილვის და მთავრობის ეკონომიკური რეფორმის პროგრამის მსვლელობის შეფასების მიზნით საქართველოში 11-18 აგვისტოს იმყოფებოდა.

სამუშაო ჯგუფმა 18 აგვისტოს განაცხადა, რომ საქართველოში ივლისის ბოლოს ინფლაციის მაჩვენებელი 14,5%-მდე გაიზარდა, რაც დაგეგმილ პარამეტრებს “მნიშვნელოვნად აღემატება” და ”სერიოზულ რისკს უქმნის მაკროეკონომიკურ სტაბილურობას”.

2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ინფლაციის პარამეტრი 5-6% არის განსაზღვრული. სსფ-ს აპრილის მონაცემებით, ბოლო თორმეტი თვის ინფლაციის მაჩვენებელი 6%–ს შეადგენდა.


საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (სებ) მაისის ბოლოს დაადასტურა, რომ ინფლაციის დონემ 10%-ს მიაღწია, რაც უკვე საგანგაშო მონაცემი იყო, რადგან შარშან დეკემბერში 2006 წლის ბიუჯეტის დამტკიცებისას სებ-ის პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ დეპუტატებს განუცხადა, რომ მთავარი ამოცანა 2006 წელს ინფლაციის ერთნიშნა მაჩვენებელზე შენარჩუნება იყო.


ოფიციალური პირები ინფლაციის ზრდას ძირითადად გარე ფაქტორებს უკავშირებენ, კერძოდ კი, ენერგომატარებლების გაძვირებას.


“გაზის ფასი გაძვირდა, ისევე როგორც ელექტროენერგიის; ამას გარდა მსოფლიო ბაზარზე გაძვირდა ნავთობიც. ეს გარე შოკური ფაქტორები ერთმანეთს დაემთხვა”, – განაცხადა ივლისში რომან გოცირიძემ.


18 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში სსფ-ის სამუშაო ჯგუფმა აღნიშნა, რომ საქართველოში ინფლაციის ”ასეთი სწრაფი ზრდა ასახავს ქვეყნის ეკონომიკაში მოთხოვნის ზრდას, რაც ძირითადად ჭარბი ფულის მიწოდებითაა გამოწვეული”.


აღსანიშნავია, რომ ივლისში პარლამენტმა დაამტიცა მთავრობის წინადადება საბიუჯეტო ხარჯების 323 მილიონი ლარით გაზრდის შესახებ. აქედან დიდი ნაწილი – 212,5 მილიონი ლარი – თავდაცვის დაფინანსების გაზრდაზე მოდიოდა.


სსფ–ი ურჩევს საქართველოს ხელისუფლებას, რომ ხარჯების შეზღუდვა, შემცირებული დეფიციტი და რეზერვებისა და ფართო ფულის მცირე ტემპით ზრდა შექმნის მოთხოვნის შემცირების საშუალებას.


”ამ მომენტისათვის, მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომლის საფუძველზეც ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ს 1.8 პროცენტამდე შეიზღუდება. მთლიანობაში, ზემოთ აღნიშნული ქმედებების შედეგად შემცირდება ინფლაციური ზეწოლა 2006 წლის დარჩენილი თვეების განმავლობაში და შესაძლებელი გახდება 2006 წლის ბოლოსათვის ინფლაციის მაჩვენებლი 10 პროცენტამდე შემცირდეს. 2007 წელს კიდევ უფრო გამკაცრდება ინფლაციის შემცირებისაკენ მიმართული ზომები”, – განაცხადა სსფ-ის სამუშაო ჯგუფმა.


სხვა მიმართულებით, სსფ-ის მისიამ მოიწონა საქართველოს ხელისუფლების მიერ ენერგორესურსებით მომარაგების მიმართულებით გატარებული ღონისძიებები, მაგრამ იქვე დასძინა, რომ მთავრობა ყურადღებით უნდა მოეკიდოს “იმ მაკროეკონომიკურ რისკებს, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს რუსეთთან დაძაბულმა ეკონომიკურმა ურთიერთობამ”.


მისია მიიჩნევს, რომ “აღნიშნული რისკების არსებობა იწვევს ისეთი ფრთხილი ფისკალური პოლიტიკის განხორციელების აუცილებლობას, რომელიც საერთაშორისო რეზერვების ზრდას შეუწყობს ხელს.”


სსფ-ის ჯგუფი ასევე მიესალმა მთავრობის განზრახვას აგვისტოს ბოლოს დაიწყოს სოციალური დახმარების მიზნობრივი პროგრამა. მისიამ, აგრეთვე, მოიწონა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული ზომები საბანკო ზედამხედველობის გაუმჯობესების კუთხით.


სსფ-ის მისიას განზრახული აქვს გაუწიოს რეკომენდაცია სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური ზრდის პროგრამის მეოთხე მიმოხილვის დასრულებას, თუ დამაკმაყოფილებელი იქნება მაკროეკონომიკური მართვა მიმდინარე წლის მესამე კვარტლის დარჩენილ პერიოდში.


სსფ-ის აღმასრულებელმა საბჭომ დაამტკიცა საქართველოს სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური ზრდის სამწლიანი 150,3 მილიონ დოლარიანი პროგრმა 2004 წლის ივნისში.


სსფ-ის აღმასრულებელი საბჭო მეოთხე მიმოხილვის დასრულებაზე, სავარაუდოდ, 2006 წლის სექტემბრის ბოლოს იმსჯელებს.

Exit mobile version