თბილისმა კოდორის მონიტორინგს მწვანე შუქი აუნთო

თბილისმა შეარბილა თავდაპირველი რადიკალური პოზიცია ზემო კოდორის ხეობის მონიტორინგთან დაკავშირებით და განაცხადა რომ გაეროს დამკვირვებლებს ხეობის მონიტორინგის დაწყება 20 აგვისტოდან შეეძლებათ.


“ჩვენ უზრუნველყოფთ დამკვირვებელთა ტრანსპორტირებას და უსაფრთხოებას…  ამის თაობაზე ინფორმაციას უცხოელ დიპლომატებს სამშაბათს [15 აგვისტოს] მივაწვდით“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა 9 აგვისტოს.


მან ასევე განაცხადა, რომ ქართული მხარე “კატეგორიულად მოითხოვს ქვემო კოდორის ხეობის მონიტორინგსაც“.


ბეჟუაშვილის თქმით, ზემო კოდორის ხეობის მონიტორინგის განახლების დეტალები 15 აგვისტოს უცხოელ დიპლომატებთან შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი.


ზემო კოდორის ხეობის მონიტორინგი 2003 წლის ივნისიდან არ განხორციელებულა. მონიტორინგის შეწყვეტა უკავშირდება გაეროს დამკვირვებლებისა და მათი თარჯიმანის ხეობის პატრულირების დროს შეიარაღებული პირების მიერ გატაცების ფაქტს. აფხაზურმა და რუსულმა მხარეებმა კოდორის ხეობის მონიტორინგის აღდგენა მას შემდეგ მოითხოვეს, რაც ქართულმა მხარემ კვიციანის და მისი მებრძოლების წინააღმდეგობის გასანეიტრალებლად იქ ძალები გააგზავნა.


ქვემო კოდორის ხეობას აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლება აკონტროლებს. ამჟამად კოდორის ზემო და ქვემო ნაწილების გამყოფ ზოლში რუსი სამშვიდობოების საგუშაგოა განთავსებული. 


თავდაპირველად, ოფიციალური თბილისი ზემო კოდორის ხეობის მონიტორინგის სანაცვლოდ გუდაუთის სამხედრო ბაზაზე ინსპექტირების განხორციელებას ითხოვდა. ეს პოზიცია 31 ივლისს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა გაახმოვანა.


თუმცა 7 აგვისტოს ოქრუაშვილმა მიანიშნა, რომ თბილისმა შეცვალა პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით.


“რუსებს ნომინალური როლი ექნებათ [კოდორის ხეობის მონიტორინგის საქმეში]. მონიტორინგი შესაძლებელია, მაგრამ არა რუსული ვერტმფრენებით… ჩვენ ამ მონიტორინგის პირობებს და წესებს დავადგენთ”, – განაცხადა ოქრუაშვილმა, თუმცა ეს “პირობები“ არ დააკონკრეტა.


ოქრუაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ამჟამად ქართველი სამართალდამცავები უსაფრთხოების ზომების გაძლიერების გზით ამზადებენ ნიადაგს იმისთვის, რომ კოდორის ხეობაში მონიტორინგი აღდგეს.


საგარეო საქმეთა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა 9 აგვისტოს განაცხადა, რომ რუსეთს გარკვეული როლი ექნება მონიტორინგის პროცესში,  რადგანაც ეს პროცესი გაეროს ეგიდით განხორციელდება.


ეს განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრმა 9 აგვისტოს პრესკონფერენციაზე გააკეთა, რომელიც შინაგან საქმეთა, თავდაცვის და სახელმწიფო მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ გაიმართა. ოთხმა მინისტრმა კოდორთან მიმართებაში მთავრობის კოორდინირებული ქმედებები და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში არსებული ვითარება განიხილა.


ამავდროულად, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე მამუკა კუდავა 9 აგვისტოს საქართველოში აკრედიტირებულ უცხოელ დიპლომატებს შეხვდა და მათ კოდორის ხეობაში არსებული ვითარება გააცნო.


შეხვედრის შემდეგ მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ხეობაში ვითარება სტაბილურია, მიუხედავად იმისა, რომ იქ რუსი სამშვიდობოების მხრიდან “პატარ–პატარა პროვოკაციებს“ აქვს ადგილი. 


“ამჟამად ხეობაში თავდაცვის სამინისტროს ორი საინჟინრო ოცეული იმყოფება, რომლებიც ათი ხიდის აღდგენაში იღებენ მონაწილეობას“, – განაცხადა კუდავამ.

Exit mobile version