ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები დეკემბერში ჩატარდება, განაცხადა 7 აგვიტოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი არველაძემ. თუმცა მან არჩევნების დღე არ დაასახელა.
მისი თქმით, არჩევნების უფრო ადრე ჩატარება საჭირო არ არის, რადგანაც ხელისუფლების სურვილია, რომ ახალმა ადგილობრივმა თვითმმართველობებმა საქმიანობა ახალი საბიუჯეტო წლიდან დაიწყონ.
ახალი სავარაუდო თარიღი განსხვავდება იმ ვადისგან, რომელიც პრეზიდენტმა აპრილში გამოაცხადა. სააკაშვილმა მაშინ თქვა, რომ “ადგილობრივი არჩევნები დაახლოებით ნოემბერში ჩატარდება”.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ჯერ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან არ მიუღიათ რაიმე ოფიციალური შეტყობინება არჩევნების ჩატარების ზუსტი თარიღის თაობაზე.
2006 წლის 23 ივნისს საარჩევნო კოდექსში შესული ცვლილებების თანახმად, კანონი არ უწესებს პრეზიდენტს შეზღუდვებს არჩევნების დღის დასანიშნად. კანონის ერთადერთი პირობაა, რომ 2006 წელს საკრებულოს არჩევნების ჩატარების თარიღს განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი არჩევნებამდე 40 დღით ადრე.
ამასობაში, ხუთი ოპოზიციური პარტია – კონსერვატორები, ახალი მემარჯვენეები, რესპუბლიკელები, მრეწველები და სახალხო ფორუმი – დედაქალაქის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ერთიანი კანდიდატურის დასახელების თაობაზე კონსულტაციებს მართავენ, რომელიც მმართველი პარტიის კანდიდატურას, თბილისის მოქმედ მერს გიგი უგულავას გაუწევს კონკურენციას.
ორმა ოპოზიციურმა პარტიამ – ლეიბორისტულმა პარტიამ და პარტია თავისუფლებამ – განაცხადეს, რომ ისინი არჩევნების ბოიკოტს ემხრობიან და შეწყვიტეს კონსულტაციები დანარჩენ ხუთ პარტიასთან.
“ჩვენ საყოველთაო, მშვიდობიანი, სამოქალაქო დაუმორჩილებლობა უნდა გამოვაცხადოთ და არჩევნების ბოიკოტი ამის [კამპანიის] ნაწილი უნდა იყოს“, – განაცხადა ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა 7 აგვისტოს.
თუმცა, ლეიბორისტულმა პარტიამ ასევე განაცხადა, რომ თუ სხვა ოპოზიციური პარტიები საბოლოოდ უარს იტყვიან არჩევნების ბოიკოტზე, ისიც მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში, თუმცა დამოუკიდებლად.
კონსერვატორებს თავიანთი ლიდერის კობა დავითაშვილის დასახელება სურთ თბილისი მერობის კანდიდატად; რესპუბლიკურ პარტიას თავისი ერთ-ერთი ლიდერის თინა ხიდაშელის წარდგენა უნდა, ხოლო მრეწველები პარტიის ლიდერის გოგი თოფაძის კანდიდატურას უჭერენ მხარს.
ახალი მემარჯვენეები უპარტიო კანდიდატის დასახელებას ემხრობიან, რომელთა შორის არიან ყოფილი სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გიორგი ხაინდრავა და გავლენიანი ბიზნესმენი ბადრი პატარკაციშვილი.
“თუმცა, ყველა ამ კანდიდატურის განხილვა საწყის ეტაპზეა და ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის“, – განაცხადა დეპუტატმა კოკა გუნცაძემ ახალი მემარჯვენეებიდან 7 აგვისტოს.
თუმცა, გაზეთი “24 საათი“ გიორგი ხაინდრავას სიტყვებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ საუბარი მის კანდიდატურაზე “არასერიოზულია“. ხოლო ბადრი პატარკაციშვილს ჯერ თავისი პოზიცია არ გამოუთქვამს.
ჯერ-ჯერობით მხოლოდ ორმა პოლიტიკოსმა განაცხადა საჯაროდ, რომ თბილისის მერის არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას: გიგი უგულავა, თბილისის მერი და სალომე ზურაბიშვილი, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი და ოპოზიციური პარტია საქართველოს გზის ლიდერი. ამ უკანასკნელმა სხვა ოპოზიციურ პარტიებთან გაერთიანებაზე უარი თქვა.
ოპონენტების განცხადებით, გიგი უგულავამ უკვე დაიწყო თავისი აქტიური წინასაარჩევნო კამპანია. ბოლო დროს ის ხშირად ჩნდება ტელეეკრანებზე თბილისში სხვადასხვა ობიექტების, ძირითადად სპორტული მოედნების გახსნის დროს.