თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროები საქართველოს მხრიდან საბრძოლო მოქმედებების შესაძლო დაწყების შემთხვევაში ერთობლივი შეიარაღებული ძალებით მოქმედებაზე შეთანხმდნენ, იუწყება 1 აგვისტოს სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი.
ამავე ცნობით, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო თავდაცვის მინისტრი ანატოლი ბარანკევიჩი 31 ივლისს აფხაზეთის დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელს სერგეი გაბნიას შეხვდა, სადაც თვითგამოცხადებულ რეგიონებში არსებული სამხედრო-პოლიტიკური მდგომარეობა, “საქართველოს აგრესიული პოლიტიკა კოდორის ხეობაში“, ასევე სამხედრო დახმარების ფორმები და მასშტაბები განიხილეს.
შეხვედრა დე ფაქტო რესპუბლიკებს შორის ურთიერთდახმარების შეთანხმების ფარგლებში შედგა, რომელიც პოლიტიკურ და ეკონომიკურ თანამშრომლობის გარდა აგრესიის შემთხვევაში სამხედრო დახმარებასაც ითვალისწინებს.