რუსული მედიის ცნობით, საქართველო კოდორის ხეობაში დამატებით ძალებს აგზავნის

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი ივანოვმა ზემო კოდორის ხეობის დაუყოვნებლივ მონიტორინგისკენ მოუწოდა, სადაც, მისი თქმით, ქართული ჯარები განთავსდნენ ცეცხლის განუახლებლობისა და ძალთა დაშორიშორების შესახებ 1994 წლის მოსკოვის შეთანხმების დარღვევით. 


“გაეროს დამკვირვებლები და რუსი სამშვიდობოები დაჟინებით მოითხოვენ ამჟამად ზემო კოდორის ხეობაში განლაგებული საპოლიციო ძალების ინსპექტირებას“, – განაცხადა ივანოვმა.


ამავდროულად, რუსული საგენტოები 31 ივლისს იუწყებიან, რომ საქართველომ დამატებით 500 სამხედრო მოსამსახურე გააგზავნა კოდორის ხეობაში. 


“დღეს დილით ორი სამხედრო კოლონა გაემგზავრა ზუგდიდიდან კოდორის ხეობაში, რომელშიც შედიოდა 50 სამხედრო მანქანა საქართველოს შეიარაღებული ძალების ნომრებით. 40 მათგანი სატვირთო მანქანა იყო. ორივე კოლონა რუსი სამშვიდობოების ნომერ 302-ე საგუშაგომ დააფიქსირა“, – იტყობინება “იტარ-ტასი“ რუსეთის სახმელეთო ძალების სარდლის თანაშემწის იგორ კონაშენკოვის სიტყვებზე დაყრდნობით.


“საერთო ჯამში 500 სამხედრო მოსამსახურე იყო [მანქანებში]. ერთ-ერთ კოლონას ხელმძღვანელობდა ქართული სამშვიდობო ბატალიონის სარდალი ვალერი ჯაფარიძე“, – დასძინა მან.


ქართულ მხარეს ამ ინფორმაციაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version