აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობა კოდორში გადადის

სააკაშვილმა 27 ივლისს განაცხადა, რომ ხელისუფლებამ გადაწყვიტა აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობა ზემო კოდორის ხეობაში განათავსოს.


მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ კოდორი გახდება “აფხაზეთის დროებითი და ლეგიტიმური ადმინისტრაციული ცენტრი“.


“[აფხაზეთის მთავრობა] ამ ტერიტორიაზე [კოდორში] საქართველოს ხელისუფლების სრულ იურისდიქციას გაავრცელებს, სრულ კონტროლს დააწესებს“, – განაცხადა სააკაშვილმა.


“ეს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ აფხაზეთის შუაგულში, აფხაზეთის ტერიტორიის ძალზე მნიშვნელოვან ნაწილზე საქართველოს იურისდიქცია გავრცელდება და საქართველოს კონსტიტუციური წესრიგი დამყარდება. ეს ძალზე მნიშვნელოვანი რამ და ძალზე ფუნდამენტალური პოლიტიკური მოვლენაა“, – განაცხადა პრეზიდენტმა.


“პირადად მე აქამდეც მიმაჩნდა, რომ აფხაზეთის მთავრობის ადგილი თბილისში, რუსთაველის გამზირზე არ იყო… ახლა აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობა კოდორში დაიდებს ბინას“, – განაცხადა სააკაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტმა ეს გადაწყვეტილება თავის სატელევიზიო მიმართვაში მას შემდეგ გაახმოვანა, რაც ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ზემო კოდორის ხეობაში მეამბოხეთა წინააღმდეგ “ანტიკრიმინალური ოპერაცია წარმატებით დასრულდა“.


“დღეიდან საქართველო პირდაპირ აკონტროლებს აფხაზეთის ძალიან მნიშვნელოვან და სტრატეგიულ ნაწილს… იქ უკვე ლეგიტიმური ხელისუფლება, ლეგიტიმური მთავრობა განლაგდება“, – განაცხადა სააკაშვილმა.


სავარაუდოდ, ამ გადაწყვეტილებას აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლება დაგმობს, რომელიც დიდი ხანია მოითხოვს თბილისისგან დაითხოვოს “ე.წ. აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობა“.  


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version