კოდორში სპეცოპერაცია მიმდინარეობს

“მიმდინარეობს დაგეგმილი საპოლიციო ოპერაცია, რომლის მიზანია საკონსტიტუციო წესრიგის აღდგენა”, – განაცხადა განათლების მინისტრმა კახა ლომაიამ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის პირდაპირ ეთერში 25 ივლისის საღამოს.

მან ოპერაციის დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა, მაგრამ განაცხადა, რომ ყველა ვინც წინააღმდეგობას გაუწევს სამართალდამცველებს “განადგურდება”.
 
ცნობები კოდორის ხეობაში მიმდინარე შეტაკებების შესახებ ქართული საინფორმაციო საშუალებებით პირველად დაახლოებით 20 სთ-ზე გავრცელდა. მოგვიანებით იგივე ცნობა რუსულმა სააგენტოებმაც გაავრცელეს აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში განთავსებული რუსეთის სამშვიდობო ძალებზე დაყრდნობით. ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ ჯერ-ჯერობით არ მოიპოვება.

ამ ცნობების გავრცელებამდე რამოდენიმე საათით ადრე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა განაცხადა, რომ კოდორის ხეობაში “სამხედრო ოპერაცია“ გამორიცხულია, თუმცა მან იქვე დასძინა, რომ საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია საპოლიციო ოპერაცია.


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 25 ივლისს გააფრთხილა თბილისი, რომ შეიარაღებული დაპირისპირება კოდორში შესაძლოა რეგიონში ახალ კონფლიქტი დაწყების მიზეზი გახდეს.


ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ოფიციალური თბილისის პოზიცია და 25 ივლისს განაცხადა, რომ კვიციანის უკან რუსეთი დგას.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version