გივი თარგამაძე: კვიციანის ჯგუფი რუსეთმა შეაიარაღა

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, დეპუტატმა გივი თარგამაძემ 24 ივლისს განაცხადა, რომ ემზარ კვიციანს “კარგად აღჭურვილი“ გასამხედროებული ჯგუფი ჰყავს, რომელიც რუსეთმა შეაიარაღა.


მან ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ს განუცხადა, რომ “შესაბამისი სტრუქტურები“ ამჟამად მუშაობენ ამ საკითხის მოსაგვარებლად და “მე დარწმუნებული ვარ, რომ კვიციანის პრობლემა ძალიან მალე და ეფექტურად მოგვარდება“.


ემზარ კვიციანი, რომელმაც საქართველოს ხელისუფლებას დაუმორჩილებლობა გამოუცხადა, კოდორში არსებული გასამხედროებული ჯგუფის “მონადირის“ ხელმძღვანელია.


2004 წლამდე მას კოდორის ხეობაში საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულის პოსტი ეკავა.


დეპუტატმა გივი თარგამაძემ აღიარა, რომ ეს არის მთავრობის შეცდომა, რომ აქამდე არ მოაგვარა “მონადირის“ პრობლემა და ადრე ვერ განაიარაღა.


კვიციანმა ცენტრალურ ხელისუფლებას დაუმორჩილებლობა 22 ივლისს გამოუცხადა იმ მოტივით, რომ თავდაცვის სამინისტრო “ხეობის შტურმით აღებას“ და მისი ჯგუფის წევრების განიარაღებას გეგმავს.


თუმცა, ოფიციალური თბილისი აცხადებს, რომ კვიციანის ქმედებების უკან რუსეთი დგას, რაც საქართველოში დაძაბულობის ესკალაციას ისახავს მიზნად.


პრეზიდენტმა სააკაშვილმა 24 ივლისს გამორიცხა მოლაპარაკებების გამართვა კვიციანთან და პირობა დადო, რომ აღმოფხვრიდა ქვეყნის ერთიანობის და სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართულ ყველა მცდელობას. 



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version