საგარეო საქმეთა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა დღეს კომენტარი გააკეთა რუსეთის ტერიტორიაზე, საქართველოს საზღვრის სიახლოვეს მიმდინარე სამხედრო წვრთნებზე და იმედი გამოთქვა, რომ ეს საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო აგრესიაში არ გადაიზრდება.
“თუ რუსეთის მხარე გაბედავს და გადადგამს ამ ნაბიჯს და შემოიყვანს შეიარაღებულ ძალებს საქართველოს ტერიტორიაზე, ეს აღიარებული იქნება როგორც ღია აგრესია საქართველოს წინააღმდეგ… არა მგონია, რომ დარჩეს ერთი ქვეყანა ან საერთაშორიოს ორგანიზაცია, რომელიც ამ ფაქტს ყურადღების გარეშე დატოვებს“, – განაცხადა გელა ბეჟუაშვილმა და აქვე დასძინა, რომ “ამ ეტაპზე რუსეთი ამ ნაბიჯზე არ წავა“.
სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებით ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთში მიმდინარე წვრთნების ფარგლებში როკის გვირაბთან რუსული სამხედრო შენაერთებისა და ტექნიკის კონცენტრირება ხდება.
გაზეთ “კომერსანტის“ ცნობით, წვრთნები ჩრდილოეთ ოსეთში, ინგუშეთში, დაღესტანში და ვოლგოგრადის ოლქში 13 ივლისს დაიწყო და 27 ივლისამდე გაგრძელდება. ამავე ინფორმაციით, მასში მონაწილეობას იღებს 6 ათასამდე სამხედრო მოსამსახურე: სპეცრაზმი, 58-ე არმიის დანაყოფები, ასევე მე–4 არმიის სამხედრო საჰაერო და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ძალები.
წვრთნებში ასევე მონაწილეობს 30 ტანკი, 190-მდე დაჯავშნული საბრძოლო მანქანა, 30-ზე მეტი საარტილერიო იარაღი და ავიაცია.