ანთაძე: სააკაშვილის მოსკოვში ჩასვლის მთავარი მიზანი პუტინთან შეხვედრაა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მერაბ ანთაძის განცხადებით, რომელიც ამჟამად რუსეთის დედაქალაქში იმყოფება, საქართველოს პრეზიდენტის მოსკოვში ჩასვლის მთავარი მიზანი რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაა, რომელიც 21–22 ივლისს დსთ-ს არაფორმალური სამიტის ფარგლებში გაიმართება. 


პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, მიხეილ სააკაშვილი მოსკოვში 21 ივლისს გაემგზავრება.


“ბუნებრივია, ძირითადი მიზანი საქართველოს პრეზიდენტის ჩამოსვლის ეს არის შეხვედრა პუტინთან და არა [დსთ–ს] არაფორმალური სამიტი, თუმცა ბუნებრივია აქ იქნებიან სხვადასხვა ქვეყნების პრეზიდენტები და ეს იქნება გამოყენებული ორმხრივი შეხვედრებისთვის. მაგრამ ძირითადი მიზანია შეხვედრა პუტინთან, სადაც უნდა გაგრძელდეს დიალოგი, რომელიც დაიწყო სანკტ-პეტერბურგში [13 ივლისს]“, – განუცხადა მერაბ ანთაძემ დღეს ქართულ ტელეკომპანიებს.


საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ რუს კოლეგებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების მოგვარების თბილისის ოფიციალური წინადადებები წარუდგინა. ანთაძის თქმით, სააკაშვილი–პუტინის შეხვედრის შემდეგ განისაზღვრება რუსეთის როლი კონფლიქტების მოგვარების საკითხში.


“ამ წინადადებების გაზიარების ან არ გაზიარების შემთხვევაში, ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ რუსეთი მართლაც არის ხელშემწყობი მხარე თუ საბოლოოდ ჩამოყალიბდა, როგორც კონფლიქტში მონაწილე მხარე“, – განაცხადა მერაბ ანთაძემ.

Exit mobile version