საპარლამენტო უმრავლესობა ოპოზიციას აკრიტიკებს

დღეს საპარლამენტო უმრავლესობის გავლენიანმა წარმომადგენლებმა გააკრიტიკეს ოპოზიცია იმ შეფასებების გამო, რომელიც მათ სამშვიდობოების გაყვანაზე პარლამენტის დადგენილებასთან დაკავშირებით 18 ივლისს გააკეთეს.


საპარლამენტო ოპოზიციამ, რომელიც 31 მარტიდან ბოიკოტს უცხადებს საპარლამენტო სხდომებს, დადგენილების მიღებაში მონაწილეობა არ მიიღო და პრესასთან კომენტარებში განაცხადა, რომ სამშვიდობოების გაყვანას დადგენილების მიღების ნაცვლად პოლიტიკური ნების გამოვლენა უფრო წაადგებოდა. ზოგიერთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა დადგენილებას “ფარატინა ქაღალდი“ და ხელისუფლების “სარეკლამო ტრიუკი“ უწოდა.


დეპუტატმა გიგა ბოკერიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ოპოზიცია მხარდაჭერის ნაცვლად, “ყველა მეთოდს იყენებს საზოგადოებაში უიმედობის“ დასათესად.


“ამ პოლიტიკურ ძალებში ნაწილი და მე არ მომერიდება ჩამოთვლა – ლეიბორისტების, წინ საქართველო, იგორ გიორგაძე –  პირდაპირ არის დაკავშირებული მოსკოვთან, ხოლო მეორე ნაწილი, თითქოს ჩვენ არა გვაქვს ამის თქმის საფუძველი, იმდენად არის დაბრმავებული ხელისუფლების მიმართ სიძულვილით, რომ მზად არის ეშმაკსაც კი შეეკრას საკუთარი ამოცანების მისაღწევად“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.


მისი თქმით, რუსეთის უშუალო დასაყრდენ პოლიტიკურ ძალებს საქართველოს მოსახლეობაში მხარდაჭერა არ აქვთ.


“ჩვენ გავისტუმრეთ საქართველოდან რუსეთის მთავარი დასაყრდენი ასლან აბაშიძე, ჩვენ დავძარით რუსეთის ბაზები საქართველოდან საბოლოოდ, ჩვენ გადავდგით მნიშვნელოვანი ნაბიჯები ენერგოდამოუკიდებლობის მოსაპოვებლად, ჩვენ თითქმის გავანადგურეთ ორგანიზებული დანაშაული და ქურდები, რომელიც მოსკოვის პირდაპირი დასაყრდენი იყო საქართველოში, ჩვენ გადავდგით უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი ე.წ სამშვიდობოებისათვის სამართლებრივი საფუძვლის მოსახსნელად და ჩვენ ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ“, – მიმართა საქართველოს მოქალაქეებს პრესკონფერენციაზე გიგა ბოკერიამ.


საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მაია ნადირაძემ განაცხადა, რომ ამიერიდან ოპოზიციის “ნებისმიერი არასახელმწიფოებრივი“ ნაბიჯი ადეკვატურად შეფასდება და აღნიშნა, რომ რუსეთთან დაკავშირებით პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების დროს  – ბაზებსა და სამშვიდობოებზე – ოპოზიცია სრული მხარდაჭერისაგან ყოველთვის თავს იკავებდა.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version