ნოღაიდელმა პარლამენტის დადგენილების აღსრულებაზე დავალება გასცა

დღეს საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა მთავრობის სხდომაზე დავალება მისცა საგარეო საქმეთა სამინისტროს და კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრს ერთობლივად დაიწყონ პარლამენტის 18 ივლისის დადგენილების აღსრულებაზე მუშაობა.


პარლამენტის დადგენილებით მთავრობას დაევალა დაიწყოს შესაბამისი პროცედურები საქართველოს კონფლიქტის ზონებში  – აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსული სამშვიდობო ოპერაციების დაუყოვნებლივ შეწყვეტის თაობაზე და მუშაობა სამშვიდობო ფორმატის შეცვლაზე, კერძოდ, კონფლიქტის ზონებში  საერთაშორისო საპოლიციო ძალების განლაგებაზე.


“პარლამენტმა გუშინ მიიღო დადგენილება კონფლიქტის ზონებიდან სამშვიდობოების გაყვანაზე და შესაბამისად, ჩვენ უნდა დავიწყოთ ამ საკითხზე მუშაობა“, – განაცხადა ზურაბ ნოღაიდელმა 19 ივლისს.

მიხეილ სააკაშვილმა 18 ივლისს ცოტა ხნის მერე, რაც პარლამენტმა დადგენილებას კენჭი უყარა, განაცხადა, რომ მისი პუტინთან შეხვედრაზეა დამოკიდებული საბოლოო გადაწყვეტილება, რომელსაც აღმასრულებელი ხელისუფლება რუს სამშვიდობოებთან მიმართებაში მიიღებს. სააკაშვილი–პუტინის ორმხრივი შეხვედრა მოსკოვში დსთ–ს არაფორმალური სამიტის ფარგლებში ამ კვირაში იგეგმება.



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version