მოსკოვისთვის რუს სამშვიდობოებთან “ულტიმატუმის ენით“ საუბარი მიუღებელია

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ “პროვოკაციული ნაბიჯი“ უწოდა საქართველოს პარლამენტის 18 ივლისის დადგენლებას, რომელიც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონებიდან რუსი მშვიდობისმყოფელების გაყვანას მოითხოვს და განაცხადა, რომ დაიცავს საკუთარი მოქალაქეების “ინტერესებს“ კონფლიქტის რეგიონებში.


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 18 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დადგენილების მიღება “მიმართულია სიტუაციის გაუარესებისაკენ, არსებული მოლაპარაკებთა ფორმატების ჩაშლისაკენ და ქართულ–აფხაზური და ქართულ–ოსური მოლაპარაკებების სამართლებრივი ბაზის ლიკვიდაციისაკენ“.


“რუსული მხარე ყველა ზომას მიიღებს არსებული საერთაშორისო შეთანხმებების შესასრულებლად და არ დაუშვებს სიტუაციის დესტაბილიზაციას რეგიონში, დაიცავს იქ მცხოვრები რუსეთის მოქალაქეების უფლებებსა და ინტერესებს“, – ნათქვამია განცხადებაში.


რუსეთის საგარეო უწყება ასევე აცხადებს, რომ დადგენილებაში რუსეთის მიმართ მოყვანილი ბრალდებები პასუხისმგებლობის გადატანის მცდელობაა.


“მივიჩნევთ, რომ ულტიმატუმების ენა, რომელსაც საქართველო რუსი სამშვიდობოების მიმართ იყენებს,  კონტრპროდუქტიულია. ცალმხრივმა გადაწყვეტილებებმა არ შეიძლება გამოიწვიოს შესაბამისი საერთაშორისო შეთანხმებების გაუქმება. ჩვენი პოზიცია უცვლელი რჩება – პარლამენტის მიერ რუსი სამშვიდობოების გაყვანაზე დადგენილების მიღებას მოყვება ახალი კრიზისი და ჰუმანიტარული კატასტროფა“, – აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება.


მოსკოვი ასევე მიუთითებს, რომ მხოლოდ რუსი სამშვიდობოების ძალისხმევით იყო შესაძლებელი კონფლიქტის ზონებში სიტუაციის კონტროლს დაქვემდებარება.


“უკანასკნელ წლებში რუსეთი საერთაშორისო პარტნიორებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად ძალისხმევას არ იშურებდა იმ სათუთი ბალანსის შესანარჩუნებლად, რომელიც ირღვეოდა ქართველი პოლიტიკოსების საომარი რიტორიკითა და პროვოკაციებისა და სამხედრო ძალის გამოყენების მცდელობით აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემების გადასაწყვეტად“, – აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება.


სამინისტრო ასევე ხაზს უსვამს, რომ კონფლიქტების მოგვარების მოლაპარაკებთა პროცესში რუსეთის გარდა გაერო, ეუთო, დსთ და გაეროს გენერალური მდივნის მეგობარი ქვეყნების ჯგუფიც არიან ჩართულები.


“თბილისის უპასუხისმგებლო აქციებს შეუძლიათ გამოუსწორებელი ზიანი მიაყენონ კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებას“, – ნათქვამია განცხადებაში. 



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version