სააკაშვილი:სამშვიდობოებზე გადაწყვეტილების აღსრულება დამოკიდებული იქნება პუტინთან შეხვედრაზე

დღეს პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ რუსი სამშვიდობოების გაყვანის თაობაზე საქართველოს მთავრობის საბოლოო გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება “ჩვენ რუს პარტნიორებთან კონსულტაციებზე“, რომელიც მოსკოვში, 21–22 ივლისს დსთ–ს არაფორმალური სამიტის მსვლელობისას სააკაშვილი–პუტინის შესაძლო შეხვედრის დროს იგეგმება.


პრეზიდენტმა კომენტარი გააკეთა საქართველოს პარლამენტის მიერ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში განლაგებული რუსი სამშვიდობოების გაყვანასთან დაკავშირებით დღეს მიღებულ დადგენილებაზე. 
 
“ჩვენ ამაზე [სამშვიდობოების გაყვანაზე] მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას მას შემდეგ, რაც ჩავალ მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტთან შესახვედრად“, – განუცხადა 18 ივლისს სააკაშვილმა ჟურნალისტებს.


მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა, რომლის “პარამეტრებს ამჟამად ვათანხმებთ“,  დროულად შედგება. 


“ჩვენ გვაქვს მშვიდობიანი განზრახვები, მაგრამ ამავე დროს ჩვენ გაყინვას და კონფლიქტის ზონებში სიტუაციების გაუარესებას ვერ შევეგუებით“, –  განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ სანკტ–პეტერბურგში დიდი რვიანი სამიტის ბოლო დღეს, 17 ივლისს, როცა იხილებოდა რეგიონალური უსაფრთხოების ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები, “ძალიან დეტალურად და ძალიან ინტენსიურად“  იქნა განხილული საქართველოს კონფლიქტების საკითხი ორმხრივი შეხვედრების ფორმატში.



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version