პარლამენტმა მიიღო დადგენილება სამშვიდობოების გაყვანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტმა 144 ხმით ერთხმად მიიღო დადგენილება საქართველოს კონფლიქტის ზონებში  – აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მყოფი რუსული სამშვიდობო ძალების გაყვანის თაობაზე.


დადგენილებით პარლამენტი ავალებს მთავრობას დაიწყოს აუცილებელი პროცედურები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მიმდინარე ე.წ სამშვიდობო ოპერაციების უსწრაფესი შაწყვეტისათვის და რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების საქართველოს ტერიტორიიდან დაუყოვნებლივ გაყვანისათვის.


“რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების ქმედებები აფხაზეთსა და ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში ერთ–ერთ მთავარ ბარიერს წარმოადგენს კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების გზაზე“, – ნათქვამია დადგენილებაში, სადაც რუსეთი ასევე დადანაშაულებულია “საქართველოს ტერიტორიის ნაწილის ანექსიის პერმანენტულ მცდელობაში“.


თუმცა პარლამენტის დადგენილება არ გულისხმობს, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში განლაგებულ სამშვიდობო კონტიგენტებს მანდატი ავტომატურად შეუწყდებათ. ეს აღმასრულებელმა ხელისუფლებამ უნდა მოითხოვოს იმ ხელშეკრულებებიდან გამოსვლის გზით, რომელთა საფუძველზეც სამშვიდობოები კონფლიქტის ზონებში განლაგდნენ.


საპარლამენტო ოპოზიციამ, რომელიც სხდომებს ბოიკოტს 31 მარტიდან უცხადებს, უარი თქვა დადგენილების განხილვასა და მიღებაში მიეღო მონაწილეობა.

“ეს ისტორიული დადგენილებაა და მინდა გამოვთქვა იმედი, რომ იგი ძალიან მალე აღსრულდება”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ.



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version