რუსეთის საგარეო უწყება: საქართველომ სამხრეთ ოსეთში შესაძლოა ძალა გამოიყენოს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თბილისს თავშეკავებისკენ მოუწოდა და გააფრთხილა, რომ სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ძალისმიერი მოგვარების მცდელობა “უპასუხოდ არ დარჩება“.


“ქართული მხარე ძალ-ღონეს არ იშურებს, რომ სამხრეთ ოსეთში ვითარება დაძაბოს [რუსი] სამშვიდობოების პროვოცირების, ადგილობრივი მოსახლეობის დაშინების და [თავისუფალი] გადაადგილებისთვის დაბრკოლებების შექმნის გზით, ერთი სიტყვით, ცხინვალზე ძალისმიერი ზეწოლის უკიდურესად გაძლიერების გზით“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების მიერ 14 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში.


“თბილისის აგრესიული პოლიტიკა ბოლო დღეებში კიდევ უფრო შემაშფოთებელი გახდა: კონკრეტული სამხედრო მზადებების ფონზე, რასაც ადგილი აქვს ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონის მახლობლად – ფართომასშტაბიანი სამხედრო სწვალებები [ორფოლოს პოლიგონზე], სამხედრო შენაერთების კონცენტრაცია, სამხედრო ჰოსპიტალის მშენებლობა [გორში]  – გაჩნდა სანდო ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ საქართველოს ხელმძღვანელობა უახლოეს დღეებში სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ძალისმიერი ქმედებების განხორციელებას გეგმავს“, – ნათქვამია განცხადებაში.


“სიტუაციას კიდევ უფრო ართულებს საქართველოს ოფიციალური პირების მიერ გაკეთებული უპასუხისმგებლო განცხადებები, კერძოდ საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის მიერ, რომელიც მოუწოდებს პარლამენტს დაუყვონებლივ მიიღოს რეზოლუცია სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის კონფლიქტების ზონებიდან რუსი სამშვიდობოების გაყვანის თაობაზე. ამავე დროს, მინისტრმა ღიად დააფიქსირა მზადყოფნა უგულვებელყოს საერთაშორისო საზოგადოების პოზიცია ამ მიმართებაში. ის ფაქტი, რომ ეს განცხადება გაკეთდა სამხედრო პოლიგონზე [“რუსთავი 2”-მა ოქრუაშვილს ინტერვიუ ორფოლოს პოლიგონზე ჩამოართვა] ადასტურებს, რომ თბილისში “ქორები“ კვლავ ძლიერები არიან, რომელთაც კონფლიქტის მოგვარება ძალის გამოყენებით სურთ“, – ნათქვამია განცხადებაში.


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის “ახლა ნათელია”, თუ რატომ ეწინააღმდეგენა ქართული მხარე სამხრეთ ოსეთთან ცეცხლის განუახლებლობის შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერას.


“არავის უნდა ჰქონდეს იმის ილუზია, რომ მცდელობა პრობლემის ძალისმიერი გზით მოგვარებისა უპასუხოდ დარჩება. რუსეთი, როგორც მეზობელი ქვეყანა, დაინტერესებულია მის საზღვრებზე მშვიდობაში, სტაბულურობასა და უსაფრთხოებაში“, – აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version