მოსკოვი გააღიზიანა გაეროში ბურჯანაძის გამოსვლის ტონმა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მიხეილ კამინინმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის სიტყვა 11 ივლისს გაეროს უშიშროების საბჭოზე შეაფასა, როგორც “უპრეცედენტოდ უხეში ანტირუსული“ გამოსვლა, რომელიც “სავსე იყო პირდაპირი თავდასხმებით რუსეთზე და ქართულ–აფხაზური კონფლიქტის ზონაში განლაგებულ დსთ–ს სამშვიდობოებზე“.


“სამწუხაროდ, ამ [აფხაზეთის] კონფლიქტის მოუგვარებლობის რუსეთზე გადაბრალების მცდელობა ის ხერხია, რომელსაც პოლიტიკოსები თბილისში სულ უფრო ხშირად მიმართავენ ბოლო დროს. ამის უკან დგას კონფლიქტის ზონაში დაძაბულობის შენარჩუნების გამო პასუხისმგებლობის თავიდან არიდება… აქ შეიძლება ასევე დავინახოთ თბილისის უცოდინარობა და სურვილის არ ქონა აფხაზურ მხარესთან  მოილაპარაკოს ნდობის საკითხებზე და უპირველეს ყოვლისა ძალის გამოუყენებლობის თაობაზე. უფრო მეტიც, ყველაფერი ეს საქართველოს შეიარაღების ფონზე ხორციელდება“, – აცხადებს რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალური წარმომადგენელი.


იგი ასევე ხაზს უსვამს, რომ თბილისის “დაუმთავრებელი თავდასხმების“ ფონზე, რუსი სამშვიდობოები მნიშვნელოვან მასტაბილიზირებელ როლს ასრულებენ აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში, რაზეც “არაორაზროვნად“  მეტყველებს გაეროს უშიშროების საბჭოს 31 მარტის რეზოლუცია.


კამინინის განცხადებით, დიდია ასევე ცისფერჩაფხუტიანების წვლილი გალის რაიონში დანაშაულის დონის შემცირების საქმეში.


“თბილისში უნდა ესმოდეთ, რომ კონფლიქტის ზონაში უსაფრთხოების სისტემის ამ უმნიშვნელოვანეს ელემენტზე [სამშვიდობოებზე] თავდასხმა გამოუსწორებელ ზიანს მოუტანს დარეგულირების პროცესს“, –  აცხადებს კამინინი. 


მისი თქმით, ნოუ–იორკში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის გამონათქვამები მკვეთრ კონსტრასტში იყო იმავე სხდომაზე საქართველოში გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის ჰაიდი ტალიავინის “ობიექტურ და გაწონასწორებულ“ გამოსვლასთან.


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, გაეროს უშიშროების საბჭომ ობიექტური და დაბალანსებული ინფორმაციის მისაღებად კონფლიქტის ორივე მხარეს უნდა მოუსმინოს.


“სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უნდა მივცეთ აფხაზურ მხარეს შესაძლებლობა ამ პრობლემის საკუთარი ხედვის წარდგეს ნიუ–იორკში“, – განაცხადა კამინინმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version