ეუთო გმობს დამკვირვებელთა დაკავებას სამხრეთ ოსეთში

ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ, ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, შეშფოთება გამოხატა“სამხრეთ ოსეთის ოფიცრების ქმედებების გამო, რომელთაც იარაღის მუქარით 11 ივლისს საქართველოში ეუთოს მისიის სამხედრო დამკვირვებლები დააკავეს“, იტყობინება ეუთოს პრეს-სამსახური.


ეუთოს ცნობით, ორი სამხედრო დამკვირვებელი ნორმალურ პატრულირებას ახორციელებდა სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში სოფელ ზარის მახლობლად, როდესაც მათ ძლიერ შეიარაღებულ პირთა ჯგუფი შემოეხვია, ისინი ადგილზე თითქმის ერთი საათით დააკავეს და უფლება არ მისცეს თავიან შტაბბინას დაკავშირებოდნენ. შემდეგ ისინი დაცვის თანხლებით ცხინვალში წაიყვანეს, მოგვიანებით კი გაათავისუფლეს.


„ეს იყო უკიდურესად სერიოზული ინციდენტი, რომელსაც თავ ახლდა უიარაღო დიპლომატიური პერსონალის წინააღმდეგ შეიარაღებული ძალის გამოყენების საფრთხე“, – განაცხადა ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ.


„ის ფაქტი, რომ შეიარაღებული ოსი ოფიცრები შეიჭრნენ ეუთოს მანქანაში, რომ შემდეგ სამხედრო დამკვირვებლები ცხინვალში წაეყვანათ, არის საერთაშორისო დონეზე აღიარებული დიპლომატიური პრაქტიკის დარღვევა“, – დასძინა მან.


ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებისგან განმარტება და იმის დადასტურება მოითხოვა, რომ მსგავსი ინციდენტი მომავალში აღარ განმეორდება.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version