პრეზიდენტმა სააკაშვილმა 11 ივლისს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ხორვატიაში ვიზიტების დასრულების შემდეგ თბილისში პრესკონფერენცია გამართა, სადაც პრეზიდენტ ბუშთან შეხვედრის შესახებ ისაუბრა და მას “ისტორიული“ უწოდა. სააკაშვილმა ასევე გააკეთა განცხადება აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის საქართველოში დაგეგმილი ვიზიტის შესახებ.
პრეზიდენტმა მთავრობაში შესაძლო ცვლილებებზეც მიანიშნა, თუმცა დასძინა, რომ “დრამატული ცვლილებები“ არ იგეგემება.
40-წუთიანი პრესკონფერენციის დროს სააკაშვილმა ოპონენტების შესახებაც ისაუბრა და გააკრიტიკა არსებული პოლიტიკური გარემო, სადაც კვლავ ადგილი აქვს პირად შეურაცხყოფას. მან “ნებისმიერ თემაზე“ ნორმალური პოლიტიკური დებატებისკენ მოუწოდა. პრესკონფერენციის დროს პრეზიდენტმა არაფერი თქვა სანდრო გირგვლიანის მკვლეობის საქმეზე, მიუხედავად იმისა, რომ ეს ქვეყნის პოლიტიკური დღის წესრიგის ერთ-ერთ მთავარ საკითხად რჩება.
აშშ-ში “ისტორიული ვიზიტი“
სააკაშვილის თქმით, მისი ვიზიტი აშშ-ში “ისტორიული“ იყო, რადგანაც ის წინ უსწრებდა დიდი რვიანის ლიდერების სამიტს, რომელიც 15-17 ივლისს სანკტ-პეტერბურგშია დაგეგმილი.
“ეს [ამერიკაში ვიზიტის დრო] არის აშკარა ინდიკატორი ჩვენი პატარა ქვეყნის როლისა მსოფლიოს დიდ პოლიტიკაში“, – განაცხადა სააკაშვილმა.
“ეს იყო ისტორიული იმიტომ, რომ აშშ–ს პრეზიდენტმა პირველად ღიად და ყოველგვარი პირობების გარეშე დააფიქსირა პირდაპირი მხარდაჭერა საქართველოს ნატოში გაწევრიანებაზე“, – განაცხადა სააკაშვილმა.
“მეორე მნიშვნელოვანი საკითხი: [ამერიკის პრეზიდენტმა] ღიად დაუჭირა მხარი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას“, – დასძინა მან.
სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ბუშის განცხადებების შემდეგ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კვლავ ისაუბრა “კოსოვოს პრეცედენტზე“ და უნივერსალურ მიდგომაზე კონფლიქტების მოგვარების მიმართ.
“მაგრამ აშშ-ს პრეზიდენტის განცხადებები უფრო ღირებულია“, – განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკურ წრეებში საქართველოს შესახებ ერთსულოვანი პოზიციაა.
“ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ეს უზარმაზარი მხარდაჭერა“, – დასძინა მან.
მისი თქმით, საქართველოს “ძალიან ინტენსიური ურთიერთობები“ აქვს შეერთებულ შტატებთან. “ორწლინახევრის პერიოდში ჩვენ [სააკაშვილსა და ბუშს] სამი ოფიციალური შეხვედრა გვქონდა“, – განაცხადა მან.
მისი თქმით, ვიზიტის დროს მიღწეულ იქნა შეთანხმება აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის რიჩარდ ჩეინის საქართველოში ვიზიტის თაობაზე, რომელიც “უახლოეს თვეებში“ შედგება.
ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის შემდეგ სააკაშვილმა 9-10 ივლისს ხორვატიის ქალაქ დუბროვნიკში კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა მონაწილეობა, სადაც სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ოფიციალურმა პირებმა რეგიონის ევრო-ატლანტიკური მისწრაფებები განიხილეს.
სეპარატისტული კონფლიქტები/რუსეთი
პრესკონფერენციაზე სააკაშვილმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება მხოლოდ მშვიდობიანი გზით აპირებს სეპარატისტული კონფლიქტების მოგვარებას.
ბოლო დროს სამხრეთ ოსური მხარე ინტენსიურად აკეთებს განცხადებებს იმის თაობაზე, რომ ქართული ჯარი (8 000 სამხედრო მოსამსახურე ამჟამად ორფოლოს პოლიგონზე ფართომასშტაბიან წვრთნებში მონაწილეობს), შესაძლოა ცხინვალის რეგიონში შეიჭრას.
“ორფოლოდან ჯარი ცხინვალში არ მიდის“, – განაცხადა სააკაშვილმა პრეს-კონფერენციაზე.
მან ასევე უარყო სეპარატისტული მთავრობების მიერ გაკეთებული განცხადებები, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში სააკაშვილმა მიიღო ნებართვა კონფლიქტების ძალისმიერ მოგვარებაზე.
“მე არ ვარ ლიდერი, რომელიც საზღვარგარეთ ნებართვის მისაღებად დადის“, – განაცხადა სააკაშვილმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველო სამხრეთ ოსეთის კონფლიქტს “მშვიდობიანად მოაგვარებს რუსეთთან ერთად, ან რუსეთის გარეშე“.
“რუსეთის გარდა სხვა არავის აქვს კონფლიქტების მოგვარების გასაღები, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ამ კონფლიქტებს გადავწყვეტთ… არ ვაპირებთ ამ საკითხების უსაშველოდ გადადებას“, – განაცხადა სააკაშვილმა.
მან გააკრიტიკა რუსეთის პრეზიდენტი 6 ივლისს გაკეთებული განცხადებების გამო, სადაც მან ჩეჩნეთში ჩატარებული რეფერენდუმი გაიხსენა და მიანიშნა ამ ვარიანტზე, როგორც კოფნლიქტების მოგვარების ერთ-ერთ გზაზე.
“ძალიან არ მინდა, რომ საქართველოს ტერიტორიის რომელიმე ნაწილში ჩატარდეს ისეთივე რეფერენდუმი, როგორიც ჩატარდა ჩეჩნეთში, იმიტომ რომ ჩეჩნეთში რეფერენდუმი ჩატარდა ასი ათასი კაცის დახოცვის ფასად, უზარმაზარი ადამიანური ტრაგედიის ფასად… ამ რეფერენდუმის ჩატარებას გვთავაზობენ საქართველოში? სრულიად მიუღებელი განცხადებები კეთდება“, – განაცხადა სააკაშვილმა.
მან რუსეთის ოფიციალური პირების მიერ გაკეთებულ განცხადებებს საქართველოს პოლიტიკის მიმართ “ისტერიული რეაქცია“ უწოდა.
პრეზიდენტმა ასევე გააკრიტიკა აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში მყოფი რუსეთის სამშვიდობო ძალები და განაცხადა, რომ “ამ სამშვიდობო ძალების უკან საქართველოს ტერიტორიის ინტენსიური ანექსია მიმდინარეობს“.
“ამავე დროს ახლოვდება სამშვიდობოებზე გადაწყვეტილებები, ჩვენ ველით საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
პარლამენტი აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში რუსი სამშვიდობო ძალების საქმიანობის საკითხს 13-15 ივლისს დაგეგმილ საგანგებო სხდომაზე განიხილავს (თუმცა შესაძლოა ეს განხილვა ცოტათი გადაიდოს), როგორც ამას 2005 წლის ოქტომბერში მიღებული პარლამენტის რეზოლუცია ითვალისწინებს.
სააკაშვილმა აღნიშნა, რომ მას სურს დიდი რვიანის სამიტის შემდეგ კვლავ შეხვდეს რუსეთის პრეზიდენტს. სავარაუდოდ, შეხვედრა მოსკოვში ივლისში დაგეგმილი დსთ-ს სამიტის პარალელურად შედგება.
სააკაშვილის განცხადებით, მისთვის რთული არ არის საუბარი პუტინთან, “რომელიც ძალიან ნიჭიერი ადამიანია“.
პრეზიდენტის თქმით, საქართველომ ასევე უნდა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება დსთ–ში ყოფნასთან დაკავშირებით.
“ჩვენ ყველაფერს ვითვლით და არცერთი ნაბიჯი არ იქნება ისეთი გადადგმული, რომელიც ერთ მეწარმეს მაინც შეუქმნის პრობლემებს“, – განაცხადა მან.
“უზარმაზარი გამოწვევები”
სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს წინ “უზარმაზარი გამოწვევები“ ელის, თან იქვე დასძინა, რომ საქართველოს “ჰყავს ძალიან ძლიერი მეგობრები და ძალიან ძლიერი მტრები“.
“საქართველო არის ქვეყანა, რომელიც არის დიდი შეტევის ქვეშ. საქართველო არის ქვეყანა, რომლის წინააღმდეგაც ხორციელდება ყველაზე დიდი ეკონომიკური ემბარგო, რომელიც განხორციელებულა ოდესმე ევროპის რეგიონში… საქართველო არის სიტუაციაში, როცა ჩვენ რუსეთთან თავისუფალი მიმოსვლის ბოლო წყარო გადაკვიკეტეს რამდენიმე დღის წინ [რუსეთის მიერ 8 ივლისს ზემო ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტის დაკეტვა]“, – განაცხადა სააკაშვილმა.
“ეკონომიკური თვალსაზრისით ეს გადაწყვეტილება ჩვენ არ გვირტყამს, რადგანაც საქართველოს ექსპორტი მაინც არ გადიოდა რუსეთში. მაგრამ ადამიანებისთვის ეს ცუდია და განსაკუთრებით ცუდია ეს სომხეთისთვის“, – განაცხადა სააკაშვილმა.
მან ასევე განაცხადა, რომ მომავალი ზამთრისთვის იგეგმება უფრო ფართომასშტაბიანი ენერგო ბლოკადის სცენარი, ვიდრე ეს მიმდინარე წლის იანვარში განახორციელა რუსეთმა.
ცვლილებები მინისტრთა კაბინეტში
პრეზიდენტმა სააკაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ “სტაბილურ“ მინისტრთა კაბინეტში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოსალოდნელი არ არის.
“მთავრობაში ყოველთვის ხდებოდა რაღაც კორექტირება მაგრამ ყველაფერი ძალიან დასტაბილურდა ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში“, – განაცხადა სააკაშვილმა.
მისი განცხადებით, იმ შემთხვევაშიც კი თუ კაბინეტი ხელახლა იქნება დასამტკიცებელი, “დღევანდელი პოლიტკური გუნდი დარჩება“.
პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პარლამენტის თავმჯდომარესთან ნინო ბურჯანაძესთან ერთად იხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე გარემოს დაცვის მინისტრის გიორგი პაპუაშვილის დანიშვნის საკითხს.
“მაგრამ ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ არის მიღებული“, – დასძინა მან.
“მე არ ველოდები დრამატულ ცვლილებებს“, – განაცხადა სააკაშვილმა.
ერთი მინისტრის გათავისუფლებაც კი ავტომატურად გამოიწვევს მთელი კაბინეტის გადადგომას, რადგან ეს უკვე მეექვსე მინისტრი იქნება, რომელიც 2005 წლის თებერვალში დამტკიცებულ მინისტრთა კაბინეტში შეიცვლება. კანონის თანახმად, მთავრობის წევრების ერთი მესამედის შეცვლის შემთხვევაში, მთელი კაბინეტის ფორმირება ხელახლა უნდა მოხდეს.
ოპოზიციური პარტიები სააკაშვილს იმის გამო აკრიტიკებენ, რომ ის უარს ამბობს შინაგან საქმეთა მინისტრის ვამო მერაბიშვილის გათავისუფლებაზე. ამ უკანასკნელს ოპოზიციის ლიდერები პოლიციის იმ მაღალჩინოსნების მფარველობაში სდებენ ბრალს, რომლებიც სავარაუდოდ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმის უკან დგანან.
“მართალი გითხრათ, ბოლო ხანებში ცოტა მაკვირვებს ზოგიერთი პოლიტიკური ერთეულის ისტერიული ტონი. პოლიტიკაში ბევრი ბრიყვის [ადამიანის] კონცენტრაციაა“, – განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, ქართულ პოლიტიკაში ოპონენტების პირადი შეურაცხყოფაა დამკვიდრებული, რაც მიუღებელია.
“ჩემთვის, როგორც პრეზიდენტისთვის, მნიშვნელოვანია შევქმნათ ისეთი პოლიტიკური გარემო, სადაც ასეთი ტონის დებატები არ იქნება“, – განაცხადა სააკაშვილმა.
სააკაშვილი აშშ-ში ვიზიტზე, კონფლიქტებზე და მთავრობაში შესაძლო ცვლილებებზე საუბრობს
