ცხინვალი ტრანსავკასიური ავტომაგისტრალის გადაკეტვას აპროტესტებს

თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების განცხადებით, ცხინვალი ადეკვატურ ზომებს მიმართავს, თუ ქართული მხარე კონფლიქტის ზონაში გამავალ მთავარ გზას არ გახსნის, იუწყება 11 ივლისს ე.წ სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი.


დე ფაქტო მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ბორირ ჩოჩიევი 11 ივლისს შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) თანათავმჯდომარეებისადმი გაგზავნილ წერილში აცხადებს, რომ ქართველმა სამართალდამცავებმა ცხინვალის ჩრდილოეთით განლაგებული ქართული სოფლების მონაკვეთზე ტრანსკავკასიური მაგისტრალის ბლოკირება მოახდინეს.


ჩოჩიევი ქართული მხარის ამ ნაბიჯს, რომელიც კონფლიქტის ზონაში ადამიანთა თავისუფალ გადაადგილებს ზღუდავს, არსებული  შეთანხმებების დარღვევად აფასებს.


ქართულმა მხარემ 10 ივლისს განაცხადა, რომ კონფლიქტის ზონაში უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა, რათა თავიდან აიცილოს უკანონო მოძრაობა როკის გვირაბის მეშვეობით მას შემდეგ, რაც რუსეთმა 8 ივლისს დაკეტა საქართველოსთან საზღვარზე არსებული ერთადერთი ლეგიტიმური გამშვები პუნქტი –ზემო ლარსი.

თუმცა 10 ივლისს საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა განაცხადა, რომ რუსეთიდან ცხინვალის რეგიონის გავლით მომავალ მგზავრთა შემოშვება, რომელთაც ზემო ლარსიდან საქართველოში შემოღწევა ვერ მოახერხეს, დროებით, 14 ივლისამდე განხორციელდება.


ბორის ჩოჩიევი, რომელიც ამავდროულად შსკ–ში სამხრეთ ოსური მხარის თანათავმჯდომარეა, მიესალმა თბილისის ამ გადაწყვეტილებას და იმედი გამოთქვა, რომ გზის გახსნა “არ იქნება დროებითი ღონისძიება”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version