საქართველოს პრემიერ–მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის განცხადებით, დღეს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მგზავრებს, რომლებიც რუსეთიდან საქართველოს მიერ არაკონტროლირებადი როკის გვირაბის მეშვეობით ბრუნდებიან, 14 ივლისამდე ერგნეთის საგუშაგოზე [სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციულ საზღვარზე] გამოატარებენ.
ქართული მხარის განმარტებით, ეს “ჰუმანიტარული“ მოსაზრებებით კეთდება.
ამასთან, ნოღაიდელის განცხადებით, ეს შეღავათი არ გავრცელდება ტვირთებზე, რომელთა შემოტანასაც როკის გვირაბის მეშვეობით ცდილობენ იმის გამო, რომ 8 ივლისს საქართველო–რუსეთის ერთადერთი ლეგიტიმური სასაზღვრო გამშვები პუნქტი –ზემო ლარსი – რუსეთის მიერ სარემონტო სამუშაოების დაწყების მოტივით დაიკეტა.
ნოღაიდელის განცხადებით, ქართული მხარის მონაცემებით, ზემო ლარსზე სარემონტო სამუშაოები ჯერ არ დაწყებულა და საზღვრის დაკეტვის “ნამდვილი მიზეზი“ გაურკვეველია.