თბილისი როკის გვირაბის გავლით მგზავრთა მოძრაობას კრძალავს

ქართულმა მხარემ სოფელ ერგნეთში მდებარე საგუშაგოზე უსაფრთხოების ზომები გააძლიერა და უცხოელი მოქალაქეების შემოსვლა როკის გვირაბის გავლით აკრძალა, იტყობინება ქართული მედია 10 ივლისს.  


ამ ღონისძიებას წინ უძღოდა რუსული მხარის მიერ 8 ივლისს ზემო ლარსის სასაზღვრო–გამშვები პუნქტის ჩაკეტვა სარემონტო სამუშაოების მოტივით. თუმცა, ქართულმა მხარემ დაგმო ეს გადაწყვეტილება და მას პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა.


ზემო ლარსი ერთადერთი კანონიერი საგუშაგოა საქართველო-რუსეთის საზღვარზე. დანარჩენი ორი საგუშაგო სამხრეთ ოსეთის (როკის გვირაბი) და აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებშია განლაგებული.


“ნათელია, რომ როდესაც ერთადერთი კანონიერი სასაზღვრო-გამშვები პუნქტი იკეტება, ხალხი სხვა საშუალებების ძებნას იწყებს, რომ ქვეყანაში შემოვიდეს და როკის გვირაბი ასეთი საშუალებაა. თუმცა, ეს უკანონოა“, – განუცხადა სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გიორგი ხაინდარავამ 10 ივლისს ჟურნალისტებს.


გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთიდან საქართველოში და სომხეთში საქართველოს გავლით მიმავალი რამდენიმე მგზავრი კონფლიქტის ზონაში იმყოფება, რადგანაც ქართული მხარე  მათ თავის ტერიტორიაზე არ უშვებს.


ქართულმა ტელეკომპანიებმა გადმოსცეს სიუჟეტი, რომელშიც შიდა ქართლის რეგიონალური ფინანსური პოლიციის უფროსი ზურაბ არსოშვილი ეუბნება სომხეთის მოქალაქეებს, რომ რუსეთში დაბრუნდნენ და ქვეყანაში კანონიერი გზით, ზემო ლარსის საგუშაგოს გავლით შემოვიდნენ.


“აქ შეუძლებელია იმ პირთა აღრიცხვა, რომლებიც ქვეყანაში შემოდიან, რადგანაც არ არსებობს კანონიერი სასაზღვრო-გამშვები პუნქტი, ამრიგად აქ დაუშვებელია რაიმე გადაადგილება“, – განუცხადა მან ჟურნალისტებს.    


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version