ხოფერია ზეწოლას აპროტესტებს და “რუსთავი 2“-ს ტოვებს

ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ის პოლიტიკური თოქ-შოუს “თავისუფალი თემის“ წამყვანმა ეკა ხოფერიამ, 6 ივლისს გადაცემის მსვლელობისას პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ იგი ტოვებს “რუსთავი 2”-ს რადგან მიუღებელია მასზე ზეწოლის მცდელობები.


6 ივლისის გადაცემის განხილვის თემას სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმე წარმოადგენდა.


გადაცემის მსვლელობისას, ეკა ხოფერიამ გამოაცხადა, რომ პროგრამის სტუმარი უნდა ყოფილიყო დათა ახალაია, შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი შეფი – მას გირგვლიანის ოჯახი, ოპოზიციური პარტიები და ადამიანის უფლებათა დამცავი ჯგუფები გირგვლიანის მკველობასთან კავშირში ადანაშაულებენ.


“მაგრამ პირობა იყო, რომ ახალაიას გადაცემის ბოლოს უნდა მიეღო მონაწილეობა და მას შემდეგ აღარ უნდა ყოფილიყო სხვა სტუმარი. ჩემთვის ასეთი რამ მიუღებელია. ამას გარდა, მე ვთვლი, რომ როდესაც ქვეყანაში ასეთი მკვლელობა ხდება როგორც მინიმუმ შინაგან საქმეთა მინისტრი უნდა გადადგეს. ეს არის ჩემი ბოლო გადაცემა და მე მივდივარ ჩემი არხიდან [რუსთავი 2-დან]“, – განაცხადა პირდაპირ ეთერში ეკა ხოფერიამ და სარეკლამო ტიხარი გამოაცხადა, რის შემდეგაც გადაცემა უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა “რუსთავი 2-ის“ ეთერი სხვა პროგრამით გაგრძელდა.


ხოფერიას ეს მოულოდნელი განცხადება ხელისუფლებისთვის სერიოზულ დარტყმას წარმოადგენს. მთავრობა და პრეზიდენტი სააკაშვილი უკვე განიცდის ზეწოლას სანდრო გირგვლიანის საქმის გამო.


ოპოზიცია უკვე მიესალმა ხოფერიას განცხადებას და ის შეაფასა როგორც ხელისუფლების ზეწოლის წინააღმდეგ გადადგმული “სამოქალაქო გმირობის” ტოლფასი ნაბიჯი.


“რუსთავი 2“-ის ხელმძღვანელობას მომხდართან დაკავშირებით ჯერ-ჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version