გირგვლიანის საქმეში მთავარი მოწმე სასამართლოს მნიშვნელოვან ჩვენებას აძლევს

სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმის სასამართლო პროცესზე დღეს მისმა მეგობარმა ლევან ბუხაიძემ, რომელიც სანდროსთან ერთად იმყოფებოდა ტრაგედიის დღეს და საქმეში მთავარი მოწმე და დაზარალებულია, განაცხადა, რომ  შარდენ ბარში შსს–ს მაღალჩინოსანთა სუფრის წევრი ოლეგ მელნიკოვი ოქროყანაში იმყოფებოდა მიხეილ ბიბილურის ნაცვლად, რომელიც გირგვლიანის მკვლელობის საქმეში მეოთხე ბრალდებულია.


ბუხაიძის განცხადებით მას შემდეგ, რაც თებერვალში სატელევიზიო გამოსვლაში მთავარი ბრალდებულის გია ალანიას ჩვენებას “სიცრუე“ უწოდა, ამან პროკურატურის აღშფოთება გამოიწვია და იგი პროკურატურაში დაიბარეს.


“როდესაც მე გავაკეთე განცხადება ტელევიზიით ალანიას პირველი ჩვენების შესახებ, რომ იქ ნათქვამი ყოველი ფრაზა იყო სიცრუე, იმ საღამოსვე დამიბარეს პროკურატურაში, რათა განმემარტა კონკრეტულად რაზე იყო იქ ლაპარაკი. და თურმე პროკურატურის აღშფოთება გამოიწვია რაღაც სანტიმეტრნახევარზე, კარების ზღურბლზე შესაძლებელი იყო თუ არ იყო შეხვედრა სანდროსი და ალანიასი. და მე მაშინ მივხვდი, რომ ეს ყველაფერი და ეხლაც დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი, რაც ახლა აქ ხდება მიმდინარეობს გარკვეული სცენარით. აქ ვლაპარაკობ მე დაწყებული ალანიას და სხვათა ჩვენებებით სხვადასხვა ტენდენციებით დამთავრებული. რაც შეეხება იმ საქმეს, რაზეც მე მინდა ვთქვა კონკრეტულად, ის ადამიანი, რომელიც ამ გალიაში ზის ახლა და მეოთხე არის, [მიხეილ] ბიბილურიძე, დღიდან ამ პროცესის დაწყებისა მე ადამიანს ვაკვირდები და დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ეს ადამიანი მე იქ არ მინახავს.


ამასთან, მიდნა მოგახსენოთ კიდევ შემდეგი გარემოება… დღეს შემიძლია დარწმუნებით ვთქვა სასამართლოს წინაშე: გამომდინარე იქიდან, რომ საუბრიდან, მოძრაობიდან და შემდეგ უკვე ჩანაწერებიდან გამომდინარე, მე აღვიდგინე ოქროყანაში მყოფი მეოთხე ადამიანი და დადასტურებით მინდა ვთქვა, რომ ეს იყო ოლეგ მელნიკოვი“, – განაცხადა თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ივლისს ლევან ბუხაიძემ.


მან მარტში, გამოძიების პერიოდში ეჭვმიტანილთა ამოცნობის დროს ოქროყანაში მყოფ ადამიანთა შორის ოლეგ მელნიკოვი ვერ ამოიცნო მას შემდეგ, რაც ოპოზიციური კონსერვატიული პარტიის მიერ გაკეთებულ ვიდეო –ჩანაწერში ბუხაიძე მელნიკოვის ფოტოზე აცხადებს, რომ ის ძალიან გავს იმ ოთხიდან ერთ–ერთს, თუმცა 100%–ით ამას ვერ დაადასტურებს.


მისი ეს ჩვენება აბსოლუტურ წინააღმდეგობაში მოდის ალანიას მიერ გამოძიების პერიოდში და შემდგომ სასამართლოზე გამეორებულ ჩვენებასთან, რომ იგი გირგვლიანს მაშინ შეხვდა, როცა ეს უკანასკნელი გვიან ღამით კაფედან გამოვიდა. ალანიას თქმით, მან და მისმა კოლეგებმა გაიგეს, თუ როგორ ლანძღავდა გირგვლიანი გურამ დონაძეს, შარდენ–ბარის სუფრის წევრს, შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის მაშინდელ უფროსს, რამაც გააღიზიანა ალანია და გირგვლიანთან შელაპარაკება მოუვიდა, რის შემდეგაც დანარჩენ სამ ბრალდებულთან, მათ შორის ბიბილურთან ერთად გირგვლიანი და ბუხაიძე წაიყვანეს ოქროყანაში და სცემეს, თუმცა, ალანიას თქმით, არა სასიკვდილოდ.


შარდენ ბარიდან გირგვლიანისა და მისი მეგობრის გასვლის შემდეგ, ასევე ერთ–ერთი მთავარი მოწმის თამარ მაისურაძის ჩვენებით, კაფე დატოვა სუფრის კიდევ ერთმა წევრმა ოლეგ მელნიკოვმა სიგარეტის ყიდვის მოტივით და უკან დაახლოებით 40 წუთში დაბრუნდა იმ მიზეზით, რომ იქვე ახლოს სიგარეტი ვერ იყიდა და ქალაქის სხვა უბანში მოუწია წასვლა.


ბუხაიძის დღევანდელი ჩვენება შარდენ–ბარის სუფრის ერთ–ერთი წევრის მელნიკოვის კავშირზე მიანიშნებს გირგვლიანის მკვლელობის საქმესთან. სუფრის სხვა წევრები შსს–ს ყოფილი მაღალჩინოსნები დათა ახალაია, ვასილ სანოძე, გურამ დონაძე და ასევე შს მინისტრის მეუღლე თაკო სალაყაია იყვნენ. 

დღესვე პროკურატურამ მსჯავრდებულ გია ალანიას მიმართ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დანარჩენ სამ ბრალდებულზე 8–წლიანი პატიმრობის შეფარდება მოითხოვა.

Exit mobile version