პოლიციელები დაისაჯნენ ეკლესიის ტერიტორიაზე ჩატარებული სპეცოპერაციის გამო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 4 ივლისს გენერალური ინსპექციისა  და გენერალური პროკურატურის მიერ ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად დაკავებულ იქნა დმანისის რაიონის სოფელ ჩათახში ღვთისმშობლის შობის ეკლესიის შენობაში 2 ივლისს ჩატარებული სპეცოპერაციის უშუალო ხელმძღვანელი, შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ძებნის სამმართველოს უფროსი გია მანდარია.


შსს–დან დაითხოვეს ქვემო ქართლის პოლიციის სამმართველოს სამი თანამშრომელი, ხოლო ოპერაციაში მონაწილე დანარჩენი ხუთი პოლიციელის წინააღმდეგ სხვადასხვა დისციპლინარული ღონისძიებები გატარდა.


გატარებული სანქციები უკავშირდება პოლიციელების მიერ 2 ივლისს ეკლესიაში ჩატარებულ ჩხრეკას, რომელიც ორდერის გარეშე, ეჭვმიტანილის ძებნის მოტივით განხორციელდა.


შს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა 3 ივლისს დმანისის ეპისკოპოსთან მამა ზენონთან გამართული შეხვედრის შემდეგ კიდევ ერთხელ მოიხადა ბოდიში და განაცხადა, რომ იგი სპეცოპერაციის შესახებ ინფორმირებული არ იყო.

Exit mobile version