Human Rights Watch: ბუშმა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხი სააკაშვილთან შეხვედრაზე უნდა დააყენოს

აშშ-ს პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით გაუარესებული სიტუაციის საკითხი პრეზიდენტ სააკაშვილთან მომავალ კვირას ვაშინგტონში დაგეგმილ შეხვედრაზე უნდა დააყენოს, აცხადებს ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაცია Human Rights Watch-ი.


“ბუშის ადმინისტრაცია საქართველოს მიიჩნევს ცვლილების საიმედო მოდელად“, – განაცხადა Human Rights Watch-ის დირექტორმა ევროპისა და ცენტრალური აზიის საკითხებში ჰოლი კარტნერმა. “თუმცა, ვითარება იქ კვლავ სავალალოა და არსებობს გამაფრთხილებელი ნიშნები ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუარესებისა“, – დასძინა მან.


პრეზიდენტ ბუშისათვის გაგზავნილ წერილში  Human Rights Watch-ი მოუწოდებს მას იმ საკითხების დაყენებას, რომლებიც შეშფოთების მთავარ საგანს წარმოადგენს: ციხეში არსებული მდგომარეობა და პატიმართა მოპყრობა; “ლეტალური ძალის“ გამოყენება სამართალდამცავების მიერ და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობაზე თავდასხმა.


Human Rights Watch-ი ასევე მიანიშნებს ციხეების გადატვირთვაზეც, ოჯახის წევრების და ადვოკატების ვიზიტების უკიდურეს შეზღუდვებზე და პოლიციის მიერ ძალის, მათ შორის ლეტალური ძალის, ხშირ გამოყენებაზე.


Human Rights Watch-ი ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მთავრობის მიერ  სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის პატივისცემისა და უფლებამოსილებათა გადანაწილების საკითხს ძალდატანებით გათავისუფლების და მოსამართლეების მიმართ დისციპლინარული პროცედურების გატარების ფონზე. 


Human Rights Watch-ი აღნიშნავს, რომ ეს ახალი პოლიტიკა, სავარაუდოდ, არის მთავრობის კამპანიის ნაწილი, რომელიც კორუფციის და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ არის მიმართული. თუმცა, იქვე დასძენს, რომ ადამიანის უფლებათა დარღვევებს უარყოფითი შედეგები მოყვება და ძირს გამოუთხრის სააკაშვილის მთავრობის ვალდებულების სანდოობას, უზრუნველყოს კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებათა დაცვა ქვეყანაში.  


“ბუშის ადმინისტრაციას განსაკუთრებული დამოუკიდებულება აქვს საქართველოს მთავრობასთან. ამან არ უნდა გამორიცხოს კონსტრუქციული, კრიტიკული დიალოგი და დროა, ეს საკითხები ახლა წამოიჭრას, სანამ ისინი მთავრობის პოლიტიკად არ დამკვიდრდება“, – აცხადებს ჰოლი კარტნერი. 


 

Exit mobile version